საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციას – „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ უმასპინძლებს, რომელიც წელს ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება.
ღონისძიებას გახსნის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. ამასთან, გახსნით სესიასზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მოლდოვას, უკრაინისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები – მაია სანდუ, ვლადიმერ ზელენსკი და შარლ მიშელი.
ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართება დისკუსია თემაზე: „ახალი ტრანსატლანტიკური დღის წესრიგი და აღმოსავლეთ ევროპა“. სესიაში მონაწილეობას საერთაშორისო ექსპერტები მიიღებენ.
სესიის მსვლელობისას განხილულ იქნება ისეთი თემები, როგორიცაა ევროატლანტიკურ სივრცეში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები, ტრადიციულ მოკავშირეებს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და სხვა.