ბერძენ თეოლოგს და ფილოსოფოსს ხრისტოს იანარას ახალი საქართველოს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა, – ამის შესახებ დღეს ქადაგებისას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა მეუფემ განაცხადა.
“ამ დღეებში ჩვენ გვსტუმრობს ბერძენი თეოლოგი და ფილოსოფოსი ხრისტოს იანარასი. თქვენ იცით, რომ ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ჩვენ ხშირად ვმასპინძლობთ გამოჩენილ ადამიანებს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მართლმადიდებლური აზროვნების განვითარებაში.
პროფესორი იანარასიც სწორედ ასეთი პიროვნებაა. მან მთელი თავისი ცხოვრება ქრისტიანული აზროვნების კვლევას მიუძღვნა და ამ მიმართულებით ღირსშესანიშნავ შედეგებს მიაღწია.
დღეს ჩვენ ძალიან გვჭირდება ინტელექტუალური ურთიერთობების გაღრმავება და განვითარება სხვა ქვეყნებთან და იქ არსებულ ცენტრებთან. სწორედ ამ მიზნით ჩვენ ვთანამშრომლობთ მრავალ საერთაშორისო პარტნიორთან. სწორედ ამ პროცესის ნაწილია პროფესორ იანარასის ვიზიტიც.
ჩვენ გვწადია მდიდარი ქართული კულტურა და ინტელექტუალური მემკვიდრეობა ღირსეულად წარვადგინოთ საერთაშორისო აკადემიურ წრეებში, ხოლო საქართველოში ავამაღლოთ ქრისტიანული აზროვნების უმნიშვნელოვანესი იდეების შესახებ ცნობიერება.
პროფესორი იანარასი ამ იდეებზე მუშაობს და მისი წვლილი ამ საქმეში დიდია; სწორედ ამიტომაც მას მივანიჭეთ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება; ვულოცავთ ბატონ ხრისტოს იანარასს ამ საპატიო წოდებას და აქვე დავსძენთ, რომ ეს ჩვენთვის, ჩვენი უნივერსტეტისა და ჩვენი ეკლესიისთვისაც დიდი პატივია“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.