გუნდი, ლიდერები, რომლებიც დღეს წარმოდგენილი არიან, მე ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილია. დავიწყებთ პრემიერ-მინისტრით, სანთლით საძებნი კაცია; თუ გინდათ სანდოობა, განათლება, კულტურა – ყველაფერი აქვს. გუნდში უამრავი წარმატებული წევრი გვყავს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.
ივანიშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების“ გუნდში არ იქნება სიცრუე და ღალატი, მან მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს და ხაზი გაუსვა იმას, რომ მმართველი გუნდი აუცილებლად ჩადგება ქართველი ხალხის სამსახურში და მათ ინტერესებს გაატარებს.
“ვუყურებ და მიხარია, ბევრს ვხედავ პარლამენტარს, სპორტსმენს თუ წარმატებულ ადამიანს. ერთი რამ იცოდეთ, “ქართული ოცნების“ გუნდი არ დააკლებს მცდელობას, საქართველომ მიიღოს საუკეთესო შედეგები ყველა მიმართულებით. არ იქნება სიცრუე, ღალატი და მამაძაღლობა, ამას გპირდებით ნამდვილად. პოლიტიკას მამაძაღლობა ახლავს სამწუხაროდ და ეს სიტყვაც უნდა გამოვიყენოთ. ვხედავ ირაკლი ქარსელაძეს, როგორი მინისტრები, როგორი შედეგები გვაქვს. შეხვედრა მქონდა დღეს უცხოელ წარმომადგენლებთან, ვინც აკვირდებიან, გაოცებულები არიან, გაოცებული არიან ჩვენი შედეგებით, რაც მივიღეთ ბოლო წლებში და როგორი პროგნოზიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ეს ჩვენ რამდენჯერმე გამოვაცხადეთ. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, გილოცავთ და არ გაგიმტყუნებთ, აუცილებლად მოგემსახურებიან – ეს ის ხალხია, ვინც თქვენს სამსახურში ჩადგება და თქვენს ინტერესებს გაატარებს. მე აღარ ვისაუბრებ მათზე, ვინც ცდილობს საქართველო ვიღაცის დაკვეთებზე წაიყვანოს, გილოცავთ, გილოცავთ და ყველაფერს გავაკეთებთ როგორც დაგპირდით“, – განაცხადა ივანიშვილმა.