შეერთებულმა შტატებმა კურსკის რეგიონში დაახლოებით 8 ათასი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი აღრიცხა. მათ შესაძლოა, უახლოეს დღეებში მონაწილეობა მიიღონ საომარ მოქმედებებში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ აშშ-ის შეფასებით, რუსეთში დაახლოებით 10 ათასი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცია.
”უახლესი მონაცემებით, მათგან 8 ათასამდე გადაიყვანეს კურსკის ოლქში, ჩვენ ჯერ არ გვინახავს, რომ ეს ჯარები მონაწილეობდნენ უკრაინის ჯარების წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციებში, მაგრამ ველოდებით, რომ ეს მოხდება უახლოეს დღეებში”, – განაცხადა ბლინკენმა.
მისი თქმით, რუსები ავარჯიშებენ ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცებს არტილერიაში, დრონების გამოყენებაში და ამზადებენ მათ ძირითადი ქვეითი ოპერაციებისთვის, მათ შორის სანგრების თხრისთვის, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ისინი გეგმავენ ჩრდილოეთ კორეელების გამოყენებას ფრონტზე ოპერაციებში.
“თუ ეს ჯარები მიიღებენ მონაწილეობას საბრძოლო ოპერაციებში ან უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების მხარდაჭერაში, ისინი გახდებიან ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები“, – განაცხადა ბლინკენმა.