რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკვე წააგო ომი უკრაინასთან, რადგან მან ვერ მიაღწია თავის მთავარ მიზანს – წაეშალა უკრაინა დედამიწიდან და შთაენთქა რუსეთს, – ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინელებმა შეუძლებელი გააკეთეს – დაუპირისპირდნენ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიას.
“ერთ რამეში ვეთანხმები პუტინს – ამერიკის დახმარება უკრაინისთვის კრიტიკულია“, – აღნიშნა ბლინკენმა.
მისივე თქმით, შეერთებულ შტატებს აქვს მკაფიო გეგმა უკრაინის სამომავლო აღდგენისთვის.
“იმისათვის, რომ მან შეძლოს დამოუკიდებლად გაძლიერება ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით და იარსებოს მხარდაჭერის ამჟამინდელი დონის გარეშე“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ბლინკენის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ქვეყნების შეკრებას “უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსული აგრესია სტრატეგიულ მარცხად დარჩეს”.