აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
“ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ. ქართველ ხალხს ძალიან კარგად ესმის დამოუკიდებლობის, თავისუფლების და დემოკრატიის ფასი. მიუხედავად რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა უკრაინაში და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაციისა, ქართველმა ხალხმა აჩვენა ურყევი სიმტკიცე, მიიღოს ევროატლანტიკური მომავალი.
ვაღიარებთ და ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქცევას, მათ შორის 2008 წელს რუსეთის შეჭრას საქართველოში და შემდგომ და მიმდინარე ოკუპაციას. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის 31 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული განვითარების წინსვლის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, კანონის უზენაესობის გაძლიერების, ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და აყვავებული მომავლის ასაშენებლად.
ჩვენმა ქვეყნებმა ასევე ერთად იმუშავეს გვერდიგვერდ, რათა მოეტანათ სტაბილურობა და მშვიდობა საქართველოში, რეგიონსა და მსოფლიოში. დღევანდელ დღეს მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების მუდმივ ერთგულებას დაეხმაროს საქართველოს, ააშენოს უსაფრთხო, აყვავებული, ევროპული დემოკრატია რაც მოქალაქეებს სურთ და რომელსაც სრულიად იმსახურებენ”, – აღნიშნულია მილოცვაში.