პუტინის გეგმები უკრაინის განადგურების შესახებ ჩაიშალა. ამავდროულად, ვაშინგტონის მხარდაჭერა კიევისთვის უნდა გაგრძელდეს, მიუხედავად აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თეთრ სახლში შესაძლო ცვლილებებისა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
ბლინკენმა უპასუხა კითხვას “გარანტიების” შესახებ, გაგრძელდება თუ არა აშშ-ის დახმარება დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში.
“ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ორი რამის აღნიშვნა. პირველი – და ყოველთვის მნიშვნელოვანია ამით დაწყება – ვლადიმერ პუტინმა უკვე განიცადა მარცხი. ვერ მიაღწია მიზანს, ვერ წაშალა უკრაინა რუკიდან, ვერ შეწყვიტა მისი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა. ეს არ გამოუვიდა და არც გამოუვა.
უკრაინის წარმატების საზომი, რუსეთის ფედერაციის წარუმატებლობისა და სხვა დანაკარგების გათვალისწინებით, არის ის ფაქტი, რომ რუსეთმა დაკარგა ენერგეტიკული ბაზარი ევროპაში, ის ნატოს წინაშეა, რომელიც ახლა უფრო ძლიერი და დიდია, ვიდრე ოდესმე.
ვერავინ წარმოიდგენდა სამი წლის წინ, რომ ფინეთი და შვედეთი გახდებოდნენ ნატოს წევრები – ზოგადად, თითქმის ყველა სტრატეგიული საკითხი, რისი თავიდან აცილებასაც პუტინი ცდილობდა, მან დააჩქარა თავისი ქმედებებით, ახლა საკითხავია, რა არის წარმატება უკრაინისთვის მომავალში“, – განაცხადა ბლინკენმა.
მისივე თქმით, “პასუხი მარტივია” – ეს არის “ძლიერი, დამოუკიდებელი უკრაინა, რომელიც სულ უფრო მეტად არის ინტეგრირებული დასავლეთთან და ფეხზე დგას სამხედრო, ეკონომიკური და დემოკრატიული თვალსაზრისით“.
“უკრაინა ამ ტრაექტორიაზეა. მაშინაც კი, როცა ვმუშაობთ, რომ მას ჰქონდეს ყველაფერი, რაც სჭირდება რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად, ჩვენ ასევე ვეხმარებით უკრაინას ამ გეგმის, მომავლის პროგრამის შექმნაში”, – განაცხადა ბლინკენმა.
მისივე თქმით, “ამაში უკვე ბევრი ინვესტიციაა ჩადებული” და “ამას მომავალშიც რესურსები დასჭირდება”.
“მაგრამ ვფიქრობ, თუ ხალხი ამ ლოგიკას შეხედავს, ჩვენ დავინახავთ ძლიერ ორპარტიულ უმრავლესობას კონგრესის ორივე პალატაში უკრაინის მხარდასაჭერად. მე მჯერა, რომ მხარდაჭერა ჯერ კიდევ არსებობს. ვფიქრობ, ნებისმიერი ადმინისტრაცია ამას გაითვალისწინებს.
თუ ჩვენ გავჩერდებით, თუ შევბრუნდებით, თუ უკრაინას მივატოვებთ, რას გააკეთებს პუტინი? მაშინ ის ნამდვილად განაახლებს აგრესიას და ალბათ, ექნება შანსი, მიაღწიოს წარმატებას იქ, სადაც ვერ შეძლო“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ბლინკენის თქმით, პუტინი არ გაჩერდება უკრაინაზე და სავარაუდოდ, “მიუბრუნდება რეგიონის სხვა ქვეყნებს, მათ შორის ნატოს წევრებს”.
“და სხვა პოტენციური აგრესორები უკრაინიდან შორს – ევროპიდან შორს – ისინი ასევე ისწავლიან ამისგან“, – დასძინა მან.