ერთ-ერთი ქვეყნის პრეზიდენტმა ქართველებს დიდი შეურაცხყოფა მოგვაყენა, უკრაინის დღევანდელ პრეზიდენტზე მაქვს საუბარი, რომელმაც ჩვენი ელჩი ფაქტობრივად დაითხოვა უკრაინიდან, მანამდე აქედანაც გაიწვია ელჩი, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
“იმისგან არ გამიკვირდება, რადგან ის არის უკრაინის პრეზიდენტი და ცდილობს, უკრაინა იყოს უფრო წარმატებული, უფრო ძლიერი, ომში შედარებით ნაკლები ძალა უტევდეს, რომ უფრო მეტის გაკეთების შანსი ჰქონდეს, ვიდრე შეუძლია. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძალიან სწორი შეფასება გააკეთეს. მინდა, აღვნიშნო, პოლიტიკოსების ის ნაწილი, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან და მინდა, ისიც აღვნიშნო, რომლებიც არ არიან ხელისუფლებაში და მოსვლა უნდათ, ბევრმა გააკეთა სწორი დასკვნა. ერი რომ ომშია და იმ ქვეყნის პრეზიდენტი ხარ, გევალება, რომ პირველ რიგში გქონდეს ძლიერი კაცობა, პატარა კაცი არ უნდა იყო.
რა გინდა შენ ჩვენი ქვეყნისგან? პოროშენკოდან დაწყებული 2014 წლიდან წაიყვანეს ჩვენები მაიდანის მერე, ყველა იქ ჰყავთ, მიშაც მაგათმა წაიყვანეს – თვითონ წავიდა მიშა ხომ? ვინმე რამეს დავუშავებდით აქ რომ ყოფილიყო, არა მგონია, ვინმეს რამე დაეშავებინა. მერე გამოგვიგზავნეს ბანდეროლით და დღეს ვაიუშველები ატეხეს, გეგონება ადამიანზე ზრუნავენ. მე არ ვფიქრობ, რომ ადამიანზე ზრუნავენ. გეტყვით რატომ – მიდის უკრაინის ტერიტორიაზე ომი. დადგნენ ჩვენთან და დაიჭირეს ზელენსკის მხარე. შენ თუ ქართველი ხარ და საქართველო გიყვარს, თუნდაც ომში მყოფი პრეზიდენტის, რომელიც არასწორად გექცევა, იმის მხარე დაიჭირო, ვინ ხარ შენ ქვეყნის მოღალატე ხარ, ყველამ ბოდიში უნდა მოგვიხადოს. ზელენსკიმ არ უნდა მოგვიხადოს, რადგან თავისი გაჭირვებია, ომი გრძელდება და კონტრშეტევა რომ მიდის, პასუხს სთხოვენ. მართლა ხომ არ გგონია, რომ ევროპას, ამერიკა ან საქართველოს იცავს? თავის ომი აქვს რუსეთსა და მაგას, ომსაც ვერ გააჩერებს, რომ გააჩეროს თავისთან ხალხი შეჭამს. უცხოეთი აძლევს ფულს, რომ გადაიხადოს ხელფასები, უცხოეთი აძლევს იარაღს, რომელიც ფრონტის ხაზზე პირდაპირ მიაქვს. ლოჯისტიკაც ისე აქვს აწყობილი, ყველაფერი მზამზარეული მიაქვთ.
რა გააკეთა ამერიკამ? ომი გარდაუვალი იყო და სათავისოდ გამოიყენა. გვაქვს ასევე ევროკავშირი, რომლიდანაც დიდი ბრიტანეთი გავიდა და არავის ახსოვს. ჩვენთან ორჯერ რევოლუცია ლამის მოაწყეს არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. ბრიტანეთი გავიდა და კითხეთ, რატომ გავიდა იქიდან? კანდიდატად რომ მიგვიღებენ, რა უნდა გავაკეთოთ ვიცით? იმას კი არ ვამბობ, რომ ევროკავშირისკენ სწრაფვა არ იყოს.
ქართველებმა ჩვენს ქვეყანას უნდა მივხედოთ, იდეოლოგიების მსხვერპლი არ უნდა ვიყოთ, ჩვენ იდეა უნდა გვქონდეს, ეროვნული იდეა, სწორად მოვიქეცით რომ არ ვართ ომში ჩართული, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ რა მოხდება, როგორ იქნება და ჩემი ქვეყანა მზად არის, რომ კანონებს, რასაც მივიღებთ ის აღვასრულოთ, ის კი არა, რომ ვიღაცამ გიკარნახოს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ჩვენი მომავალი თაობები ბედნიერი იყოს“, – განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.