spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორელი – კანდიდატის სტატუსის მოპოვება საჭიროა სერიოზული რეფორმებით და ევროკავშირის ღირებულებებისადმი ერთგულებით

ეს არის გადამწყვეტი პერიოდი თქვენი მომავლისთვის, რადგან რამდენიმე კვირაში ევროკავშირი განიხილავს შემდეგ ნაბიჯებს ევროკავშირში საქართველოს გაერთიანებასთან დაკავშირებით და პირველად იქნება წარდგენილი მოხსენება საქართველოს პროგრესის შესახებ, როგორც გაფართოების კანდიდატი ქვეყნის შესახებ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

 

“ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში. ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის რანგში თქვენს ლამაზ ქვეყანაში, უპირველეს ყოვლისა, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ საქართველო არის ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და ეს არის გადამწყვეტი დრო თქვენი მომავლისთვის.

 

რამდენიმე კვირაში ევროკავშირმა უნდა განიხილოს მომავალი ნაბიჯები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით და პირველად საქართველოს პროგრესის შესახებ ანგარიშს წარადგენს. მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო ამ მნიშვნელოვანი მომენტის დროს – ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და ევროკავშირი მოწოდებულია, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირში წევრობის გზაზე. ჩვენი კარი ღიაა და ჩვენ გვინდა, მხარი დაგიჭიროთ თქვენ ამ გზაზე. თუმცა, ასევე უნდა ვთქვათ, რომ ევროკავშირში წევრობის განაცხადი არის სერიოზული ვალდებულება, კანდიდატის სტატუსი არ არის რაღაც, რაც ქვეყნებს ეკუთვნით. მისი მოპოვება საჭიროა სერიოზული რეფორმებით და ევროკავშირის ღირებულებებისადმი ერთგულებით.

 

გულწრფელად რომ ვთქვა, ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი. საქართველოს შემთხვევაში, ეს არის ევროკომისიის შეფასებაში წარმოდგენილი 12 პრიორიტეტი, რომელიც უნდა შესრულდეს და ამ 12 პრიორიტეტის შესასრულებლად რთული სამუშაოს გაწევა არ არის იმისთვის, რომ ესიამოვნოს ბრიუსელს, რომ გააბედნიეროს ხალხი ბრიუსელში ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, არამედ გააუმჯობესოს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება, ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების შესაბამისად. მე ვხედავ ბევრ ევროპულ დროშას ამ ქალაქის ქუჩებში და მე ვიცი, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ს მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობას“, – განაცხადა ბორელმა.

 

მისივე თქმით, საქართველომ უნდა გამოიყენოს დარჩენილი მოკლე პერიოდი, რათა შეასრულოს საჭირო საკვანძო რეფორმები.

 

“მე ვხედავ ბევრ ევროპულ დროშას ამ ქალაქის ქუჩებში და მე ვიცი, რომ საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობას. ნება მიბოძეთ, გამოვხატო ჩემი მადლიერება ყველა მათგანის მიმართ, ვინც დადგა საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. ევროკავშირში გაწევრიანება არის ეროვნული ამოცანა. ყველა აქტორმა უნდა იმუშაოს ერთად, კონსტრუქციულად, ერთიანად. ერთიანობა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

 

როგორც მან აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის წევრებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

 

“ჩვენ განვიხილავთ უკვე მიღწეულ პროგრესს და იმ სამუშაოს, რომელიც ჯერ კიდევ შესასრულებელია, როგორც დასაწყისში აღვნიშნე. საქართველომ უნდა გამოიყენოს დარჩენილი მოკლე პერიოდი, რათა შეასრულოს საჭირო საკვანძო რეფორმები. ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მიმართ ასევე გამოხატულია ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით. ჩვენ ვართ ორმხრივი დახმარების უმსხვილესი მიმწოდებლები თითქმის 340 მილიონი ევროთი 2021-2024 წლების პერიოდში და ჩვენი ეკონომიკური საინვესტიციო გეგმით 1,3 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციებით.

 

მე ასევე აქ ვარ, რათა აღვნიშნო საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განთავსების 15 წლისთავი. ეს მისია დღედაღამ მუშაობს, რათა უზრუნველყოს მშვიდობა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება. მან მუშაობა 2008 წელს დაიწყო. მას შემდეგ მისია პატრულირებს და ყოველდღიურად ახორციელებს მონიტორინგს სეპარატისტული რეგიონების მიმდებარე რაიონებში. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, მოვინახულოთ ისინი ადგილზე ხვალ, თბილისში დაგეგმილი შეხვედრების შემდეგ“, – განაცხადა ბორელმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები