მმართველი პარტიის განცხადებები, ქმედებები, დაპირებები ავტორიტარიზმისკენ გადახვევის სიგნალია, – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს დემოკრატიის ტესტი იქნება.
“განვიხილეთ სიტუაცია მოლდოვაში და საქართველოში. ორივე ქვეყანა გადამწყვეტი არჩევნების წინაშეა მომდევნო კვირებში. მოლდოვა აღწევს მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირისკენ გზაზე, მიუხედავად რუსეთის მხრიდან მზარდი დაშინებისა. საქართველოში მოლდოვასთან შედარებით უფრო შავი სურათია. მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპულ გზას აშორებს. ეს არის ავტორიტარიზმისკენ გადახვევის სიგნალი. სწორედ ამიტომ, ევროკავშირში გაწევრების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. თქვენ იცით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ევროპული დაფინანსების კუთხით. დაველოდოთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც გადამწყვეტი ტესტი იქნება დემოკრატიისთვის საქართველოში და მისი ევროპული გზისთვის”, – განაცხადა ბორელმა.
ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართა, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა უხელმძღვანელა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს საკითხი განიხილეს.