უკრაინელი მფრინავების ეკიპაჟების სწავლება მეოთხე თაობის F-16 საბრძოლო თვითმფრინავებზე უკვე დაწყებულია.
ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ევროკავშირის საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კარგ იდეად მიიჩნევს, G7-ის სამიტის ლიდერების გადაწყვეტილებას უკრაინისთვის F-16 საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების საფუძველი მოამზადონ.
“უკრაინელი მფრინავების წვრთნები უკვე დაწყებულია. ეს არის პირველი, რაც უნდა გაკეთდეს. იმედი მაქვს, რომ მალე ჩვენ შევძლებთ უკრაინას ამ ტიპის შეიარაღება მივაწოდოთ”, – განაცხადა ბორელმა.
მისივე თქმით, დღეს ევროკავშირის საბჭო განიხილავს უკრაინაში არსებულ ვითარებას და კერძოდ, დღის წესრიგშია ისეთი თემები, როგორიცაა სანქციების ახალი პაკეტი და უკრაინის შეიარაღების ახალი ტრანში ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში.