ეს კაცი დააკავეს არა სამართლიდან გამომდინარე, არამედ “ქართული ოცნების” ინტერესებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა ბორის ჩელე ყურუამ გიორგი ახობაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მოსამართლეს არ ჰქონდა მტკიცებულება იმისა, რომ პატიმრობაში დაეტოვებინათ.
“ეს საქმე არის შეკერილი და ასევე, თუ კონტექსტს გავითვალისწინებთ, უკვე 100%-იანი ალბათობით შემიძლია, გითხრათ, რომ თუ ადამიანი, რომელიც ყოველდღე ელოდებოდა იმას, რომ სახლში მიუვარდებოდნენ, გაჩხრეკდნენ ან დააკავებდნენ, ფიზიკურად შეუძლებელია, რომ ჯიბეში ნარკოტიკით მოძრაობდეს ქუჩაში მანქანით.
არ იყო არანაირი მტკიცებულება ისეთი წონიანი, რომელიც მოსამართლეს ეტყოდა, რომ ამ საქმის განხილვის შემდეგ დადგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი, ამას ემატებოდა ის, რომ არის ექიმი და უვლიდა საკუთარ ლოგინად ჩავარდნილ დედას. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც გამოიყენეს პატიმრობა. ეს კაცი დააკავეს არა სამართლიდან გამომდინარე, არამედ “ქართული ოცნების” ინტერესებიდან გამომდინარე”,- განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ.
საპროტესტო აქციების მონაწილე ექიმ გიორგი ახობაძის წინააღმდეგ საქმე 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს. ბრალი 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ადვოკატები ახობაძის დედის დაკრძალვაზე მის დასწრებას მოითხოვენ.