ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა უკრაინაში ვიზიტის მოწვევას გამოეხმაურა. თვითონ კიევში არ ჩავა, თუმცა სპეციალურ თანაშემწეს გაგზავნის, – ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელმა მარკიო მაკედომ ისაუბრა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის სახელით უკრაინაში სპეციალური თანაშემწე სელსო ამორიმი გაემგზავრება.
“პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და დამავალა, მეცნობებინა, რომ საერთაშორისო საკითხებში სპეციალური თანაშემწე, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, რომელიც უკვე იმყოფებოდა რუსეთში, ეწვევა უკრაინას“, – განაცხადა მან.
ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.
რაც შეეხება ბრაზილიის პრეზიდენტის ბოლო განცხადებას, სადაც მან დაადანაშაულა აშშ და ევროკავშირი ომის გახანგრძლივებაში, მაკედომ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის სიტყვები “არასწორად იქნა ინტერპრეტირებული”.
რამდენიმე დღის წინ ბრაზილიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები თითქოს “ახალისებს“ უკრაინაში ომს. ლუის ინასიუ ლულა და სილვა მიიჩნევს, რომ უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტები უნდა “დაარწმუნონ” მოლაპარაკებების დაწყებაში.
ამის შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრაზილიის პრეზიდენტი მოიწვია ქვეყანაში, რათა გაიგოს რუსული აგრესიის ნამდვილი მიზეზები და არსი და მისი შედეგები გლობალური უსაფრთხოებისთვის.
მოგვიანებით, ლუის ინასიუ ლულა და სილვამ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა დაგმო. ამავდროულად, კვლავ ისაუბრა შუამავლობაზე ომის დასასრულებლად.