ბრიტანეთი და საფრანგეთი სხვა ქვეყნებთან ერთად, უკრაინის შესახებ გეგმაზე იმუშავებენ. ამის შემდეგ შეთანხმებული გეგმა ამერიკის შეერთებულ შტატებს წარედგინება, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა.
სტარმერის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან დისკუსიების შემდეგ, შეთანხმდნენ, რომ ბრიტანეთი, საფრანგეთთან და “შესაძლოა, ერთ ან ორ სხვა ქვეყანასთან” იმუშავებს უკრაინაში “საბრძოლო მოქმედებების დასრულების გეგმაზე“.
მისი თქმით, შეთანხმებული გეგმა ამერიკის შეერთებულ შტატებს წარედგინება.
“ვფიქრობ, ჩვენ გადავდგით ნაბიჯი სწორი მიმართულებით”, – განუცხადა სტარმერმა ჟურნალისტებს.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს „სურს უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობა იხილოს“, მიუხედავად მისი რიტორიკისა და ზელენსკის მიმართ დამოკიდებულებისა.
სტარმერმა დაასახელა სამი ძირითადი ფაქტორი, რომლებიც, მისი აზრით, უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობას უნდა უზრუნველყოფდეს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გულისხმობს “აშშ-ის თავდაცვის მექანიზმს”, ასევე უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებიც უზრუნველყოფილია ევროპის ქვეყნების და ძლიერი უკრაინის მიერ, რომელსაც აქვს თავდაცვითი შესაძლებლობები, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის შემოჭრას.