ჩვენ გვინდა, ვიხილოთ, რომ მშვიდობიანი პროტესტის უფლება და გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული საქართველოში, ეს არის სანქციების მიზანი, მე არ გავაკეთებ კომენტარს მომავალ სანქციებზე, – ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა განაცხადა.
ელჩს კითხვა დაუსვეს ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების შესაძლო დაწესებაზე.
“ჩვენ არ ვაკეთებთ წინასწარ კომენტარს სანქციებთან დაკავშირებით, თქვენ იცით, რაც უკვე გააკეთა გაერთიანებულმა სამეფომ, გამოაცხადა სანქციები რამდენიმე ქართველი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა, ვიხილოთ, რომ მშვიდობიანი პროტესტის უფლება და გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული საქართველოში. ეს არის ამ სანქციების მიზანი. მე არ გავაკეთებ კომენტარს მომავალ სანქციებზე“, – განაცხადა ელჩმა.
ამასთან, ბრიტანეთის ელჩის განცხადებით, როდესაც საქართველოში დემოკრატიული გარემო გაუმჯობესდება, შესაძლებელი იქნება, ბრიტანეთმა იფიქროს შეჩერებული პროგრამების განახლებაზე.
“ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ნათლად განაცხადა, რომ ჩვენ გავაჩერებთ დაფინანსების პროგრამებს და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას, ასევე შევზღუდავთ კონტაქტებს თავდაცვისა და პოლიტიკური მიმართულებით, ვიდრე საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა არ შეჩერდება. ეს არის პოზიცია, რომელიც გამოვაცხადეთ დეკემბერში და კვლავ ჩვენს პოზიციად რჩება. ჩვენ შევზღუდეთ მიმდინარე პროგრამა და ეს ნიშნავს, რომ არის პროგრამები, რომლებსაც აღარ ვაფინანსებთ და ეს არის ზომა, რომელიც ჩვენ მივიღეთ იქამდე, ვიდრე არ დავინახავთ დემოკრატიული გარემოს გაუმჯობესებას საქართველოში. როდესაც ეს გაუმჯობესება იქნება, ჩვენ შეგვეძლება, ვიფიქროთ პროგრამებში ჩართულობის განახლებაზე. მე არ ვაპირებ პროგრამების სიაზე დეტალურად საუბარს, მაგრამ ცხადია, რომ ზოგიერთი ჩვენი საქმიანობა საქართველოს მთავრობასთან, რომელიც წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი იყო, შეჩერდება. ჩვენ გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსებას, რადგან ვფიქრობთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის უზარმაზარი მნიშვნელობის ნაწილი ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში. არ ვაპირებ სპეკულირებას „ქართული ოცნების“ მოტივაციებზე. რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ გაერთიანებულ სამეფოს სურს, რომ საქართველო დარჩეს ევროატლანტიკურ გზაზე“, – განაცხადა ელჩმა. (1TV)