ბრიუსელში დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეექვსე სხდომა გაიმართება. სხდომაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ბელგიის დედაქალაქში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, 17 მარტს მაღალი დონის შეხვედრები შედგება ევროპარლამენტსა და ნატო-ში. საქართველოს მთავრობის მეთაურს ნატო-ს შტაბბინაში ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უმასპინძლებს. შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ასევე, დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.