ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მოვუწოდებთ ოფიციალურ პირებს, სწრაფი ქმედება განახორციელონ, რათა დაძაბულობა განმუხტონ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა და მიგრაციის ევროკომისარმა მაგნუს ბრუნერმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების” ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას.
“ძალადობა და სიძულვილის ენა მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ, საჯარო მოსამსახურეების პოლიტიკური მოტივებით გათავისუფლების შესახებ ცნობები, ისევე, როგორც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მუქარები – სრულიად მიუღებელია. ბევრი დაკავებული პატიმრობაში რჩება და სისხლის სამართლით გასამართლება ემუქრებათ, თუმცა დღემდე სამართალდამცავი ორგანოების არცერთი წარმომადგენლის მიმართ ბრალდება წაყენებული არ არის პროტესტების ძალადობრივი დარბევებისა და დაკავებული დემონსტრანტების წამების სერიოზული ბრალდებების მიუხედავად, რაც საქართველოს ომბუდსმენმა გააჟღერა.
მსგავსი ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას. ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მოვუწოდებთ ოფიციალურ პირებს, სწრაფი ქმედება განახორციელონ, რათა დაძაბულობა განმუხტონ”, – განაცხადა მაგნუს ბრუნერმა.