ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ოპოზიციის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა, პროვოკაციებს არ წამოეგონ.
მისივე თქმით, “რესპუბლიკაში სიტუაცია ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა”.
“აფხაზეთის ხელისუფლება მუშაობს მაგისტრალების იმ მონაკვეთების განბლოკვაზე, რომლებიც ოპოზიციონერებმა გადაკეტეს“, – განაცხადა ბჟანიამ თავის მიმართვაში.
მისივე თქმით, “აფხაზეთში არის საკმარისი ძალები წესრიგის უზრუნველსაყოფად”.
სოხუმში საპროტესტო აქციები 11 ნოემბერს, საღამოს მას შემდეგ დაიწყო, რაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა მიიღო “კანონი” “მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების შესახებ“.
ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე ოპოზიციონერი დააკავა. საპასუხოდ, ოპოზიციამ სოხუმში მიმავალი სამი ხიდი გადაკეტა. ოპოზიცია აცხადებს, რომ გადასასვლელი დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებამდე გადაკეტილი იქნება.