ნატოს წევრი ქვეყნები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების ორ შესაძლო მოდელს განიხილავენ – ფინეთისა და ისრაელის მაგალითზე, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიები ძალიან ფართო ტერმინია. უკრაინისთვის გარანტიების რამდენიმე ვარიანტი არსებობს.
“მე მსმენია გარანტიების ორი ტიპის ან სცენარის შესახებ. ერთი არის გარანტიები, რომლებიც ფინეთს მისცეს მისი გაწევრიანების რატიფიკაციის პროცესის დაწყების დღიდან. უსაფრთხოების გარანტიების მიმართ მეორე მიდგომა არის ისრაელისთვის. შესაძლოა, ჩვენ დავინახოთ რაღაც შუალედური“, – განაცხადა მან.
პაველი მიიჩნევს, რომ ნატოს წევრი ქვეყნები ქაღალდზე დააფიქსირებენ იმას, რასაც უკვე აკეთებენ უკრაინისთვის, ასევე გრძელვადიანი მხარდაჭერას გეგმას. მან აღნიშნა, რომ მისთვის ეს უკვე გარანტიად ჟღერს.
“მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა თანხის გამოყოფას მოინდომებენ ქვეყნები ასეთი გეგმისთვის. თუმცა თუ არსებობს გეგმის წარდგენის სურვილი, მაშინ ასევე უნდა არსებობდეს მზაობა გარანტიის სახით მისაცემად”, – განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.
ფინეთის მაგალითი
ფინეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიკაციის დაწყების შემდეგ, მას ალიანსის წევრი ქვეყნების მსგავსი უსაფრთხოების გარანტიები მიეცა, მათ შორის მე-5 მუხლის დებულება კოლექტიური თავდაცვის შესახებ, რომლის თანახმადაც ერთ წევრ ქვეყანაზე თავდასხმა განიხილება თავდასხმად ყველაზე.
ისრაელის მაგალითი
“ისრაელის მოდელი” ითვალისწინებს აშშ-სთან უსაფრთხოების 10-წლიან შეთანხმებას. უსაფრთხოების გარანტიები მოიცავს სამხედრო და ფინანსური დახმარების პაკეტების მიწოდებას, ასევე ერთობლივი წარმოების შესაძლებლობას. თუმცა მე-5 მუხლის გამოყენებაზე საუბარი არ არის.
უკრაინის პოზიცია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება დასავლეთის უსაფრთხოების მკაფიო გარანტიები, რომლებიც ქაღალდზე იქნება გადატანილი. ქვეყანას სურს ნატოს უსაფრთხოების გარანტიები, სანამ ალიანსის სრულუფლებიანი წევრი არ გახდება.