სასტუმრო “ახაშენის“ ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილის “ახაშენში“ სტუმრობა სიმართლეს არ შეესაბამება.
“ვეხმაურებით მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას. ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ჩვენს სასტუმროში ლავროვის შვილის სტუმრობასა და საქორწილო ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით არის ტყუილი და მიზანმიმართულად გავრცელებული პროვოკაცია.
სასტუმრო „ახაშენი ღვინის კურორტსა და სპას“ ლავროვის გვარით დაჯავშნილი სტუმარი არ ჰყავს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ტელეკომპანია “მთავარი არხის” ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილი ეკატერინა ლავროვა და მისი ოჯახის წევრები საქართველოში ქორწილისთვის ჩამოვიდნენ.
არხის ინფორმაციით, კახეთში ქორწილს ლავროვის სიძის ალექსანდრ ვინოკუროვის ძმა იხდის. მიკა ვინო, იგივე მოშე ვინოკუროვი თბილისში იმყოფება და როგორც მისი ინსტაგრამიდან ჩანს, მან თბილისში პარტნიორთან ხელი უკვე მოაწერა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლავროვი და მისი ოჯახი, მათ შორის შვილი დასავლური სანქციების ქვეშ იმყოფება.