spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“დადგა დრო, დავასრულოთ ყველაზე ხანგრძლივი ომი და მე ვიქნები პრეზიდენტი, ვინც ამას გააკეთებს”

ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტის საბოლოოდ გამოსვლის პროცესი პირველ მაისს დაიწყება და 11 სექტემბრისთვის დასრულდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგანგებო მიმართვისას განაცხადა.

ბაიდენის თქმით, ის იქნება პრეზიდენტი, რომელიც დაასრულებს ყველაზე ხანგრძლივ ომს.

„მე მეოთხე პრეზიდენტი ვარ, რომელიც ავღანეთში ამერიკულ ჯარს ხელმძღვანელობს. ორი რესპუბლიკელი, ორი დემოკრატი, მე არ გადავცემ ამ პასუხისმგებლობას მეხუთეს“, – განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, მხოლოდ „მხოლოდ ავღანელებს აქვთ უფლება და პასუხისმგებლობა, გაუძღვნენ საკუთარ ქვეყანას“.

პრეზიდენტის თქმით, აშშ-მა ავღანეთში მის მიზანს 10 წლის წინ მიაღწია, როდესაც ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია განხორციელდა, ამის შემდეგ კი, უკანასკნელ 10 წელში, ავღანეთში აშშ-ში დარჩენის მიზეზი სულ უფრო ბუნდოვანი გახდა.

"ჩვენ მივაღწიეთ ამ მიზანს. მე ვთქვი, რომ ჩვენ ოსამა ბინ ლადენს ჯოჯოხეთის კარამდე გავყვებოდით, თუ საჭირო იქნებოდა. სწორედ ასე მოვიქეცით და ავიყვანეთ. ჩვენ აღვასრულეთ სამართალი ბინ ლადენის მიმართ 10 წლის წინ და მას შემდეგ ავღანეთში კიდევ 10 წელი დავრჩით. მას შემდეგ, ავღანეთში ჩვენი დარჩენის მიზეზი სულ უფრო ბუნდოვანი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტულმა საფრთხემ, რომელსაც ვებრძოდით, სახე იცვალა“, – განაცხადა ბაიდენმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა "თალიბანს" მოუწოდა, გასვლის პროცესში ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმისგან თავი შეიკავოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ დაიცავს საკუთარ თავს და პარტნიორებს ყველა არსებული საშუალებით.

ამერიკული ჯარი ავღანეთში 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ შევიდა. ეს არის ყველაზე ხანგრძლივი სამხედრო კამპანია ამერიკის ისტორიაში. ამერიკული მედიის ცნობით, საომარი მოქმედებების დროს ავღანეთში 2,4 ათასზე მეტი სამხედრო დაიღუპა. 

ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველო 2004 წლიდანაა ჩართული და ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით უმსხვილესი კონტრიბუტორია.

ამ წლების განმავლობაში საქართველოდან ავღანეთში  ათასობით ქართველი სამხედრო მოსამსახურე იბრძოდა, რომელთაგან 32 დაიღუპა და არაერთი დაიჭრა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები