დანიის მთავრობამ და პარლამენტმა მიაღწიეს კონსენსუსს უკრაინაში ჯარების შესაძლო განლაგების თაობაზე სამომავლო სამშვიდობო მოგვარების უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა ლარს ლოკე რასმუსენმა და ტროელს ლუნდ პოლსენმა განაცხადეს.
DR-ის ცნობით, დღეს დანიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელები პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს მთავრობის პოზიცია უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნის თაობაზე და მიიღეს მხარდაჭერა საპარლამენტო პარტიების ფართო სპექტრისგან.
“მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ევროპაში სწორი სიგნალები გავუგზავნოთ როგორც პუტინს, ასევე ვაშინგტონს. ეს არის ის, რასაც დღეს ვაკეთებთ და ვამბობთ: „თუ ცეცხლის შეწყვეტა ან სამშვიდობო შეთანხმება საჭიროებს ევროპულ ყოფნას, დანია პრინციპში მზად არის ამისათვის“, – განაცხადა რასმუსენმა.
პულსენის თქმით, უკრაინაში ჯარების გაგზავნის კონკრეტული გეგმები ჯერ არ არის.
“ჩვენ არ გადაგვიწყვეტია რაიმე კონკრეტული ვალდებულებების აღება, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები“, – განმარტა დანიის თავდაცვის მინისტრმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპა უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნის გეგმას ამუშავებს. ბოლო მონაცემებით, ევროპის ქვეყნები მზად არიან, ასეთი მისიისთვის 30 ათასამდე ჯარისკაცი გამოყონ.