მზად ვართ, განვაახლოთ ურთიერთობები. იმედი მაქვს, ამ გზას დავუბრუნდებით და საქართველოს მთავრობა შეძლებს ზოგიერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას, რათა ამის გაკეთებაში დაგვეხმაროს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა.
დანიგანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაზე ისაუბრა, რომლის თანახმად, აშშ-მა საქართველოს მთავრობას 95 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფა შეუჩერა.
“გავიმეორებ, რომ ქართველ ხალხს აქვს აშშ-ის მთავრობისა და ამერიკელი ხალხის აბსოლუტური მხარდაჭერა. ჩვენ, 33 წელია, პარტნიორები ვართ. 33 წელია, ერთად ვმუშაობდით, ერთად გვიბრძოლია. ჩვენ ერთად ვაშენებდით სკოლებსა და კლინიკებს და ჩვენ ამას ვაკეთებდით საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად. საქართველოს სუვერენიტეტის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად. და ჩვენ ამ მხარდაჭერას გავაგრძელებთ ქართველი ხალხისთვის.
თქვენ მე მკითხეთ სახელმწიფო მდივან ბლინკენის გუშინდელ განცხადებაზე, რომ ჩვენ ვაპაუზებთ დახმარების ნაწილს საქართველოს მთავრობისთვის. რატომ გავაკეთეთ ეს? ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვესაუბრეთ საქართველოს მთავრობას იმ ზოგიერთ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელთა გამოც ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ ზოგიერთი ანტიდემოკრატიული ქმედებების შესახებ, როგორიცაა უცხოური ზეგავლენის შესახებ კანონი, და აგრეთვე სხვა ქმედებებიც, აშშ-ის შესახებ ცრუ განცხადებების შესახებ, აშშ-ის და დასავლეთის შესახებ ნეგატიური რიტორიკის თაობაზე. და ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება ბევრჯერ, ვთხოვეთ მთავრობას, გადახედოს საკუთარ ქმედებებს. ჩვენ ასევე ვთქვით, რომ ჩვენ გადავხედავთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. გუშინ სახელმწიფო მდივანმა, ბლინკენმა გამოაცხადა, რომ ურთიერთობების გადახედვის შედეგად, ის დროებით აჩერებს, აპაუზებს იმ დახმარების ნაწილს, რომელიც მიმართულია უშუალოდ მთავრობისადმი. ჩვენი დახმარება სტუდენტებისადმი, მასწავლებლებისადმი, ფერმერებისადმი, მცირე ბიზნესის მფლობელებისადმი, საზოგადოებრივი აქტივისტებისადმი და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისადმი გაგრძელდება“,- განაცხადა დანიგანმა.
ელჩის თქმით, აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს შეიარაღებული ძალებისადმი ამ ეტაპზე ასევე გაგრძელდება.
“ამას ჯერ არაფერი შეხებია, თუმცა როგორც სახელმწიფო მდივანმა თქვა, ყველაფერი გადახედვის პროცესშია.
სამწუხაროდ, ევროკავშირმა განაცხადა, რომ ამ ქმედებებმა და დეზინფორმაციამ მიგვიყვანა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებამდე. რის ნახვასაც ვისურვებდით არის, რომ ჩვენ ისევ ერთად ვმუშაობთ, რათა დავეხმაროთ ქართველ ხალხს მათი მისწრაფებების რეალიზაციაში, რომ საქართველო გახდეს დემოკრატიების დასავლური ოჯახის წევრი. ჩვენ მზად ვართ, განვაახლოთ ეს ურთიერთობები. იმედი მაქვს, ამ გზას დავუბრუნდებით და მთავრობა შეძლებს ზოგიერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას, რათა ამის გაკეთებაში დაგვეხმაროს. მაგრამ მინდა, გავიმეორო რომ ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ქართველი ხალხის მეგობრები და პარტნიორები“, – განაცხადა ელჩმა.