მსოფლიო კვლავ უბრუნდება ომის “ცხელი” ეტაპისთვის მომზადების აუცილებლობას და ამას თანამედროვე არმია სჭირდება, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა.
“ევროკავშირი, შეერთებული შტატები და დემოკრატიული ბანაკის სხვა ქვეყნები დგანან მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობის წინაშე – სამხედრო უსაფრთხოების საკითხის უპირობო და სასწრაფო დაბრუნება პრიორიტეტულ დღის წესრიგში“, – განაცხადა დანილოვმა.
დანილოვის თქმით, ეს რთული, მაგრამ აუცილებელი არჩევანია კომფორტისა და კეთილდღეობის დონის შენარჩუნებისა და უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორისთვის რესურსების გადანაწილების აუცილებლობას შორის.
მისი თქმით, “მარადიული მშვიდობის” ილუზიების დრო დასრულდა 2022 წლის 24 თებერვალს და შემდგომი თვითკმაყოფილების მდგომარეობაში ყოფნა სასიკვდილოდ საშიშია.
“ფაშისტური ტირანიის განადგურების შემდეგ დასავლეთმა დაუშვა შეცდომა, რომ დროულად არ დაამარცხა მისი ტყუპი ძმა, რუსეთის დიქტატურა. შემდგომი შეცდომები ყველას ძვირად დაუჯდება. მსოფლიო კვლავ უბრუნდება მომზადების აუცილებლობას ომის “ცხელი“ ეტაპისთვის და ამას სჭირდება თანამედროვე არმია, უახლესი იარაღი და გაწვრთნილი ჯარისკაცები“, – აცხადებს დანილოვი.