spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებების შესახებ ორი კანონპროექტი განიხილა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა.

სხდომაზე მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ დეტალურად ისაუბრა ცვლილებების არსზე, რომელიც ითვალისწინებს მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში ფაქტის ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის დახვეწას და გაუმჯობესებას. აგრეთვე, განსაზღვრავს ფაქტის და კომენტარის ერთმანეთისგან მკაფიო გამიჯვნის სტანდარტს. ახალი ამბების პროგრამებში, საავტორო პროგრამის გარდა, საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას იზღუდება პოზიციის გამოხატვა. კანონპროექტით იხვეწება საავტორო პროგრამის გადაცემის სტანდარტი. კერძოდ, საავტორო პროგრამის დაწყების წინ აუდიტორიას უნდა ეცნობოს, რომ პროგრამა საავტოროა. ასევე, საავტორო პროგრამაში ადეკვატურად უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა საგულისხმო ალტერნატიული მოსაზრება; მკვიდრდება მკაფიო საკანონმდებლო ჩარჩო მაუწყებლის მიერ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად;

პროექტის თანახმად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არასრულწლოვან პირთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხს; მკვიდრდება მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდების გამოყენებით ინფორმაციის მოპოვების ან/და გადაცემის ბრიტანული სტანდარტი. დამატებით განისაზღვრება კერძო საკუთრების ტერიტორიაზე ფარული ჩაწერის სტანდარტი.

მომხსენებლის თქმით, მაუწყებლებს აქამდეც ჰქონდათ ინფორმაციის ობიექტურობის დაცვის ვალდებულება. სიახლე არის ის, რომ თუ მოქმედი რედაქციით, ეს საკითხები თვითრეგულირებით წესრიგდება და მაუწყებლებმა თვითონვე უნდა შეაფასონ კონკრეტული ფაქტი სწორია თუ „ფეიკია“, დაცულია თუ არა ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები და სხვა, კანონპროექტის თანახმად, დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება მიმართოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

“ამ საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ ჩვენ მივიღებთ ისეთ მექანიზმს, რომელიც დახვეწს საკანონმდებლო ჩარჩოს იმ კუთხით, რომ დაცული იქნება ფაქტების სიზუსტე, ასევე სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, აღარ იქნება შესაძლებელი ომისა და პროპაგანდის, ასევე ასაკობრივი შეზღუდვის მოთხოვნის დარღვევით ინფორმაციის გადაცემა მაუწყებლების მიერ და საბოლოოდ იარსებებს ისეთი მექანიზმი, რომელიც დაიცავს როგორც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ასევე მაუწყებლების ინფორმაციის გავრცელების თავისუფლებას.

უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოების უფლება მიიღოს სწორი და ჯეროვანი ინფორმაცია. მათ შორის სამართლიანობის და მიუკერძოებლობის მაღალი სტანდარტით და საკანონმდებლო ჩარჩო იყოს ისეთივე როგორიც ბრიტანეთშია“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტს.

კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს კიდევ ერთი კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

კანონპროექტი ითვალისწინებს მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღების შეზღუდვას, გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის ან მომსახურების განთავსებისა. ასევე, შეიზღუდება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა და პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება (თანადაფინანსება).

საკითხი სხდომაზე განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა წარადგინა.

„გამოწვევები  ძალიან რეალურია, როდესაც გარე დაფინანსებით ხდება მედიის გაკონტროლება. ეს საბოლოო ჯამში, არ ემსახურება ადგილობრივი საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესებს, არამედ კონკრეტულად მანიპულაციური დღის წესრიგის შესაქმნელად გამოიყენება. მათ შორის დეზინფორმაციის გასავრცელებლად და ასე შემდეგ. რაც შეეხება დეზინფორმაციების გავრცელებას, ამის მაგალითები საქართველოში უხვად არსებობს. მედიის დამოუკიდებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დაცული, თუ ის ქართულ საზოგადოებას ემსახურება და დემოკრატია მაშინ არის ძლიერი, როდესაც ინფორმაცია ხალხისთვის არის ხელმისაწვდომი და სანდო“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა, რომელმაც  დეტალურად ისაუბრა კანონპროექტის შესახებ.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები