უკრაინის უმაღლესი რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია ქართველ ხალხს და ხელისუფლებას მიმართავს.
“მინდა, მივმართო ქართველ ხალხს და პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლებას.
დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა მოხსნა ეკონომიკური ბარიერები და სანქციები ქართულ რძის ნაწარმზე, ღვინოსა და სხვა პროდუქტებზე იმისთვის, რომ უკრაინასთან რუსეთის ომის დროს საქართველოს ერთგულება მოიპოვოს.
მინდა, ყველა ქართველს ვუთხრა და შევახსენო, თავადაც ქართველი ვარ – როცა რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, უკრაინამ, მიუხედავად თავისი ეკონომიკური დანაკარგებისა, საქართველოს ყველა აუცილებელი დახმარება გაუწია. მისცა შეიარღება, ომის ინსტრუქტორები, რათა დახმარებოდა თავის მეგობარ სახელმწიფოს.
და ეს არის თქვენი პასუხი? ფიქრობთ, რომ ეს ნორმალური პასუხია უკრაინის მიმართ, როცა რუსეთი თავს უკრაინას დაესხა?
გთხოვთ, ქართველო ხალხო, მე თქვენი მჯერა, გაერკვიეთ თქვენს ხელისუფლებასთან, მოაგვარეთ ეს საკითხი, იმიტომ, რომ ქართველი ერის მხრიდან ღალატის და ზურგში დანის დარტყმის ნახვა არ გვინდოდა.
მე ყოველთვის ვამაყობდი იმით, რომ ქართველი ვარ. ვცხოვრობ უკრაინაში, აქ ხელისუფლებაში ვარ. დღეს მრცხვენია”, – აცხადებს არახამია მიმართვაში.
რუსეთის „როსსელხოზნადზორი“ 15 ქართულ კომპანიას საშუალებას აძლევს, რუსეთში რძე და რძის პროდუქტები შეიტანოს.
გადაწყვეტილება 5 მარტს, როსსელხოზნადზორის ხელმძღვანელის სერგეი დანკვერტისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ზურაბ ჩეკურაშვილის შეხვედრის შემდეგ მიიღეს. აზერბაიჯანის მხრიდან რუსეთი სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლებს ესაუბრა.