საუკუნის პროცესი – ციანიდის საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოვიგე. ასეთი მნიშვნელობის პროფესიული გამარჯვება გირგვლიანის საქმის მოგების მერე სტრასბურგის სასამართლოში არ მქონია, – ამის შესახებ დეკანოზი გიორგი მამალაძის ადვოკატი დავით ჯანდიერი აცხადებს. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლომ სამი საკითხიდან 2 დააკმაყოფილა.
“საუკუნის პროცესი – ციანიდის საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოვიგე. სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება. სამიდან ორი საკითხი დამიკმაყოფილა. პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დაირღვა და შესაბამისად დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის (6.1. და 6.2) დარღვევა. როგორც იურისტმა ამ ურთულეს საქმეზე მუშაობის ძალიან რთული ოთხი წელი გავიარე მარტო. ასეთი მნიშვნელობის პროფესიული გამარჯვება გირგვლიანის საქმის მოგების მერე სტრასბურგის სასამართლოში არ მქონია“, – წერს ჯანდიერი სოციალური ქსელში.
მისივე ცნობით, პირველ კომენტარს დაახლოებით 15:00-ზე, გლდანის N18 დაწესებულებაში შესვლისას გააკეთებს, სადაც დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეხვდება.
დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელს 2017 წლიდან იხდის. მას 9-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.