ჩემს საკუთრებაში არსებული სახლის, რომელშიც 2012 წლის შემდეგ არავის უცხოვრია, ჩხრეკისას ამოღებული იარაღის ნაწილი მეკუთვნის მე და მასთან არანაირი შეხება არასოდეს არ ჰქონია დიმიტრი ჩიქოვანს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ამ იარაღის არსებობის შესახებ წლებია, სრული ინფორმაცია ჰქონდა შსს-ს.
“ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დაინტერესებულ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ჩემს საკუთრებაში არსებული სახლის, რომელშიც 2012 წლის შემდეგ არავის უცხოვრია, ჩხრეკისას ამოღებული იარაღის ნაწილი მეკუთვნის მე და მასთან არანაირი შეხება არასოდეს არ ჰქონია დიმიტრი ჩიქოვანს. იარაღი, რომელიც ინახებოდა ჩემს სახლში, დავტოვე 2012 წლის ოქტომბერში საქართველოდან იძულებით გამომგზავრების წინ, გაფორმებულია და ინახებოდა კანონის სრული დაცვით. ამ იარაღის არსებობის შესახებ წლებია, სრული ინფორმაცია ჰქონდა, როგორც ე.წ. შსს-ს, ასევე სასამართლოს, რომელიც ჩემ სხვა ქონებასთან ერთად არაერთხელ იქნა დაყადაღებული. ყველაფერი, რაც არ არის გაფორმებული, არის ამ ე.წ. უწყების მიერ ჩადებული.
ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების პოლიტიკური ნიშნით დევნა 12 წელზე მეტია, გრძელდება, თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც გომელაურის კრიმინალური დაჯგუფება უკეთებს საქართველოს თავისუფლების მოყვარულ ხალხს თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩებში. საქართველოში დაშინებას და დევნას შედეგი არც აქამდე გამოუღია და არც მომავალში გამოიღებს”, – წერს დავით კეზერაშვილი.