spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით ხაჯიშვილი – დიასპორაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების 80%-ზე მეტი ხმას ოპოზიციას აძლევს და ეს არის მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ ხსნით დამატებით უბნებს

ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრის დავით ხაჯიშვილის შეფასებით, ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ემიგრაციაში წასულმა რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა.

 

“დიასპორაში, 12 ათასი ჩვენი თანამოქალაქე მონაწილეობს არჩევნებში, როდესაც მილიონზე მეტი ადამიანი გვყავს ემიგრაციაში. რატომ არ ვმოქმედებთ სახელმწიფოებრივად და რატომ არ ვწევთ ამ ნიშნულს მაღლა? ეს არის ერთი პროცენტი იმ რაოდენობის, რაც არის ემიგრაციაში. ამ ნიშნულის აწევა თავისუფლად შეიძლება 20%-მდე, მაგრამ ხელისუფლება ამისათვის ქმედით ნაბიჯებს არ დგამს“, – განაცხადა დავით ხაჯიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმინეს.

 

მისი თქმით, ხელისუფლებას შეუძლია ამ საკითხში გაიზიაროს მოლდოვის გამოცდილება, რომელმაც იმისათვის, რომ ემიგრაციაში მოქალაქეებს მაქსიმალურად შეეძლოთ არჩევნებში მონაწილეობა, ყველა  არსებული ბარიერი მოხსნა.

 

“ქართველებისთვის კი, ონლაინ რომ გაიარონ საკონსულო რეგისტრაცია, არის ბარიერები. ჩვენ არაფერს ვაკეთებთ ცნობიერების ამაღლებისთვის. ემიგრაციაში მყოფი თანამოქალაქეებს ჩვენ ვერ დავარწმუნეთ იმაში, რომ საკონსულოში აღრიცხვა არ ნიშნავს იმ ქვეყნიდან დეპორტაციას. არადა მათ ეშინიათ, რომ თუ საკონსულო აღრიცხვას გაივლიან, მეტი პრობლემები შეექმნებათ იმ ქვეყანაში. ეს ასე არ არის.  მივმართავ პირველ რიგში ჩვენს დიასპორას, რომ თუ თქვენ საკონსულო აღრიცხვას გაივლით, ეს პრობლემა არ შეგექმნებათ“, – განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

 

მისივე ინფორმაციით,  ამერიკის შეერთებული შტატების მხოლოდ რამდენიმე ქალაქში გვაქვს საკონსულო, სადაც შეიძლება ხმის მიცემა და ამ დროს ხელისუფლება არაფერს აკეთებს რომ თუნდაც 30 საარჩევნო უბანი გახსნას, რაც თავისუფლად არის შესაძლებელი.

 

“რატომ არ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან და არ მივმართავთ, რომ ამ საკითხში დაგვეხმარონ, როდესაც მათი მხრიდან არაერთხელ მოგვისმენია, რომ ამისათვის მზად არიან? რატომ არ დგამს ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს იმისთვის, რომ უფრო მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა? პასუხი ცხადია, ვინაიდან დიასპორაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების 80%-ზე მეტი ხმას ოპოზიციას აძლევს და ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ხსნით დამატებით უბნებს“, – მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხელისუფლებას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები