აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის ერთობლივი ორგანიზებით, ქალაქ ზუგდიდში განხორციელდა 5-დღიანი პროექტი – ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ფესტივალი – “ხიდი“, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილმა 15-მა მხატვარმა მიიღო მონაწილეობა.
დასკვნით ღონისძიებაზე პროექტში მონაწილე მხატვართა ნამუშევრების გამოფენა და დაჯილდოება გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“ისე როგორც არასოდეს დღეს აფხაზეთიდან მოდის განწყობა, რომელიც გვაძლიერებს და გვაგრძნობინებს, რომ ჩვენ ერთმანეთის გული კიდევ უნდა გავათბოთ. მიხარია, რომ ქართველებისა და აფხაზების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის პროცესი დაიწყო და სწორედ კულტურა არის ამის პირველი მაგალითი.
ჩვენი გოლგოთის გზა უნდა დასრულდეს და ალბათ საჭირო იყო მისი გავლაც, რომ გვეგრძნო და მივმხვდარიყავით თუ რა ბედნიერები ვიყავით აფხაზეთში. იგივე განწყობაა აფხაზეთშიც – ენგურს იქით მხარესაც კარგად მიხვდნენ, რამხელა ტრაგედია და უბედურება დაგვატყდა თავს. არც ქართველებს და არც აფხაზებს არაფერი მოუგია, მოიგო მხოლოდ მან, ვინც დღეს ცდილობს ომი გააჩაღოს საქართველოში.
ჩვენ არ უნდა დაუშვათ მეორეჯერ ომი და თუ ერთად ვიქნებით, ერთმანეთს გავაერთიანებთ, ერთ მუშტად ვიდგებით ვერავინ მოგვერევა, მაგრამ ერთმანეთის პატივისცემა უნდა ვიცოდეთ და პირველ რიგში ქრისტიანები უნდა ვიყოთ. ღმერთი უნდა ვიპოვოთ ჩვენს გულებში და განვამტკიცოთ – ეკლესიის სიმაგრე, სამშობლოს სიყვარული და სამება – მამული, ენა, სარწმუნოება.
ჩვენ აფხაზ ძმებთან და დებთან ერთად უნდა შევქმნათ ერთიანი, ძლიერი საქართველო, როგორზეც ოცნებობდნენ ჩვენი გმირები – ჟიული შარტავა, მამია ალასანია, გურამ გაბისკირია, ჯუმბერ ბეთაშვილი, რაულ ეშბა, სუმბატ სააკიანი და მათი თანამებრძოლები.
განსაკუთრებული მადლობა ღონისძიების ყველა ორგანიზატორსა და მონაწილეს სამშობლოსადმი მათი დამოკიდებულებისა და სიყვარულისთვის. დარწმუნებული ვარ სწორედ ასეთი დამოკიდებულების შედეგი იქნება ჩვენი ქვეყნის გაერთიანება“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.