აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, ქ. ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა შემოქმედებითი საღამო – „ჩონგური და აფხიარცა“.
ღონისძიებაზე პოეტთა კულტურულ-შემოქმედებითი საღამო გაიმართა, ასევე მოეწყო აფხაზეთიდან დევნილ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა. საღამო მუსიკალური ნომრებით გააფორმა ანსამბლმა „ოდოიამ“.
საღამოზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ ხელოვანებს, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 300 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები და მადლობის სიგელები გადასცა.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორი სალომე დოლიძე, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია, სამინისტროს წარმომადგენლები და აფხაზეთიდან დევნილები.
“უზომოდ ბედნიერი და უდიდესი შთაბეჭდილებებით სავსე ვარ, რადგანაც დიდი ხანი ველოდი ამ დღეს, როცა ხელოვნების, პოეზიის საშუალებით შევძლებდით ქართულ-აფხაზური ერთობისადმი ჩვენი სიყვარულის გამოხატვას. მიხარია, რომ ეს შესაძლებლობა უფრო ახლოს, ჩვენს აფხაზეთთან, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ამ წალკოტსა და სილამაზეში მოგვეცა.
მჯერა, რომ ღონისძიებაზე წარმოდგენილი საზოგადოების დამოკიდებულებისა და ჩართულობის მსგავსი მაგალითებით ვაგრძნობინებთ აფხაზებს ჩვენი ისტორიული ერთიანობის და საერთო კეთილდღეობის გარდაუვალობას. ამ პროცესში ძალიან დიდი გაფრთხილება და სწორი გამოცდილების გაზიარება გვჭირდება. ჩავთვალეთ, რომ სწორედ ეს საღამო იქნებოდა სიმბოლური საწყისი ქართველთა და აფხაზთა სხვადასხვა ჯგუფების, მათ შორის ექიმების, მწერლების, ომში დაღუპულთა დედების, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების ურთიერთობებისა იმ აზრის ირგვლივ, რომ ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით.
დიდ მადლობას ვუხდი ღონისძიების ყველა მხარდამჭერს, პოეტებს, მხატვრებს, განსაკუთრებით ჩვენს პატარა მონაწილეებს, რომლებმაც თავიან ნახატებში გადმოსცეს ის განცდა, რომელსაც უმეტესობა მშობლების მონაყოლიდან გრძნობს. მადლობა მათ აფხაზეთის სიყვარულისთვის“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.