კრაკოვეცი: უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე აცხადებს, რომ “ტიტუშკების” ავტობუსები “კრაკოვეცთან” ახლოს მდებარე სოფლებში იმყოფებიან. ამის შესახებ მან Front News-ის კორესპოდენტს განუცხადა.
“ეს ავტობუსები უკვე ახლოსაა, რომელშიც იმყოფებიან “ტიტუშკები” სხვადასხვა ქალაქებიდან. ისინი მალე აქ იქნებიან. არსებობს სარწმუნო ინფორმაცია, რომ ამ ადამიანებს გადაუხადეს თანხა, რათა ჩხუბი დაიწყონ და დღევანდელი მოვლენების დისკრედიტაცია მოახდინონ”, – განაცხადა საყვარელიძემ.
მისივე თქმით, პოლიციის თანამშრომლები “ტიტუშკების” ქმედებებზე არანაირ რეაგირებას არ ახდენენ, პირიქით – მეგობრულად ესაუბრებიან მათ წარმომადგენლებს.
“გუშინ ისინი იქცეოდნენ საშინლად, ვიდრე ჩვენ არ ჩავრთეთ ყველა რესურსი, რაც შეგვეძლო: საზოგადოებრივი აზრი, სახალხო დეპუტატები. პოლიცია მხოლოდ ამის შემდეგ გახდა იძულებული რეაგირება მოეხდინა. მათ გააძლიერეს პირადი შემადგენლობა. თავად ოლქის ხელმძღვანელი მოვიდა შემდეგ და ესაუბრებოდა მათ. იქამდე ისინი აბსოლუტურად კარგად, ადექვატურად, მეგობრულად ესაუბრებოდნენ “ტიტუშკების” წარმომადგენლებს და უარს ამბობდნენ მათ შემოწმებაზე”, – განაცხადა საყვარელიძემ.