ევროპაში გვეტყვიან, რომ ჩვენ რა პრობლემაზეც მიგითითეთ, თქვენ, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთეთ, რომ ის პრობლემა დაგემალათ და რაღაც სხვა კუდიანებზე დაიწყეთ ნადირობა, – აცხადებს პარტია “ლელო-საქართველოსთვის“ დეპუტატი დავით უსუფაშვილი დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის შესახებ.
მისი განმარტებით, კანონპროექტს იმის გამო არ იწუნებენ, რომ ის შეიძლება მათი პარტიის ლიდერების წინააღმდეგ იყოს გამოყენებული.
“ლელოსთვის” ამ კანონის მიღება არ წარმოადგენს არანაირს ხიფათს თუ საფრთხეს. როცა მოინდომეს, ამ კანონის გარეშეც განახორციელეს მათზე რეპრესიები. “ლელოს” ლიდერებს, ჯაფარიძეს და ხაზარაძეს ფულის გათეთრების საქმეზე 3 წელი დაატარებდნენ. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ამ კანონის ასეთი ფორმით მიღებით მოხდება პრობლემის მიჩქმალვა, ჩვენ სერიოზულ ხიფათს გავიჩენთ ევროპაში, სადაც გვეტყვიან, რომ ჩვენ რა პრობლემაზეც მიგითითეთ, თქვენ, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთეთ, რომ ის პრობლემა დაგემალათ და რაღაც სხვა კუდიანებზე დაუწყეთ ნადირობა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტმა დღეს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის განხილვა დაიწყო. პროექტი უკრაინის კანონის ანალოგს წარმოადგენს და ქართულ რეალობას არ შეესაბამება.