კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის ცემა-ტყეპა იმ მზარდი საპროტესტო მუხტის ჩასახშობად დაიწყო, რომელიც უკვე 51-ე დღეა, რუსთაველზე მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ივანიშვილი კიდევ უფრო უგუნურად მოიქცევა, თუმცა საბოლოოდ საზოგადოება გაიმარჯვებს.
“ჯერ ხალხი დაარბიეს, რომ მიხვდნენ ამან არ იმუშავა, გადაირივნენ და ცემა-ტყეპის მექანიზმი მოიფიქრეს. ორშაბათს და ოთხშაბათს არიან გადარეულები, ვერაფრით იპოვა ხელისუფლებამ ეფექტური იარაღი მზარდი საპროტესტო მუხტის შესაჩერებლად, ამიტომ ეს მოიფიქრეს. ქვეყნის გარეთ კი ყველანაირი დიპლომატიური არხები ჩაკეტეს. “ოცნება“ ასევე ხედვას, რომ საჯარო სამსახურშიც განწყობები არის მზარდი და მას ვერაფრით აჩერებს, ამიტომ სჩადის ამ უმსგავსობებს, ანგრევს და ფეხქვეშ თელავს ადამიანურ ცივილიზაციას.
ივანიშვილი გონზე ვეღარ მოვა უფრო და უფრო უგუნურად მოიქცევა, თუმცა ამ ყველაფერს მას შემდეგ გააცნობიერებენ, როდესაც ხელისუფლებაში აღარ იქნებიან“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ველური ინსტინქტების დონეზე გადაყვანილი ქმედებები და ძალიან დიდხანს დააჩნდება ქვეყანას დაღის სახით.
“ივანიშვილის და მისი რეჟიმის უაზრო განცხადებები ათწლეულები გაჰყვება ქვეყანას. ამიტომ სასწრაფოდ უნდა გადავარჩინოთ საქართველო და დარწმუნებული ვარ, გადარჩება კიდეც, რადგან რუსთაველზე ბევრი ისეთი აღტყინებული ხალხი ვნახე, რომელიც აქამდე არ უნახავს საქართველოს მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ბრძოლით მოვედით აქამდე. აქამდე ხალხი ლიდერის დაძახილზე გამოდიან ახლა კი სულ სხვა აღტყინებით გამოდიან“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებას მალე მოუწევს სახლში წასვლა.
“ახლოს ვხედავ ფინალს და რაც მთავარია, ეს არის ბოლო პოსტსაბჭოური სახადი, რომელიც დაემართა ქვეყანას. ვერ გამოვიმუშავეთ იმუნიტეტი, რომ ვისაც ვირჩევთ, მისი წარსული ლუპით შევისწავლოთ, როგორც ეს ამერიკაში ხდება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.