“დედამიწიდან გზავნილებს შორის არის ქართული ჩაკრულო. 35 – წლიანი საარჩევნო პრაქტიკის შემდეგ, გამიჩნდა განცდა, რომ მეორე რამ, რაც კიდევ გასაგზავნია კოსმოსში უცხო ცივილიზაციებისთვის არის საარჩევნო კოდექსი, იმის საჩვენებლად ეს საოცარი ხალხი თუ რა ჭაობში ვფართხალებთ ახლა“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვის დროს.
როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო კოდექსი ეს არის კომპილაცია სხვადასხვა ხელისუფლებების დროს, სხვადასხვა კონტექსტების დროს მოფიქრებული და ერთმანეთზე ჩახლართული ამბების.
“ეს ყველაფერი ეფუძნება იმას, რომ არჩევნები მოახლოვდება თუ არა, ეს გადასარევი ხალხი, ჩაკრულოს შემქმნელი და არა მარტო ჩაკრულოსი, ვიწყებთ საოცარ ურთიერთ შერკინებას – ნახევარი საქართველო მეორე ნახევარ საქართველოს დავდევთ და ვუყურებთ ერთმანეთს ჯიბეში, ხელებში, ხომ არაფერი ჩააგდო, ხომ არაფერი ამოიღო, ბიულეტენი ხომ არ დაწვა, ხომ არაფერი ჩაასწორა… ანუ ერთმანეთს ვაღიარებთ როგორც ხმების მომპარავ, გამყალბებელ, ქურდბაცაცა ადამიანებად და ამ პროცესიდან გვინდა მერე რამე კარგი გამოვიდეს. ასეთი არჩევნების გზით რომ მივიღებთ ხელისუფლებას, ოპოზიციას და პოლიტიკურ სპექტრს გვინდა ხოლმე, რომ ამან რამე დადებითს დაედოს საფუძველი – ეს შეუძლებელია! ეს ვერ მოხდება იმიტომ, რომ იმ ტიპის არჩევნებით, რაც ჩვენ დაგვებედა და რასაც ვატარებთ ვშორდებით ქართულ სახელწიფოს, ვშორდებით იმას, რაც კონსტიტუციაში დიდი ასოებით გვიწერია“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.