ამ არჩევნების არალეგიტიმურად ცნობა საერთაშორისო პარტნიორებისგან და საპროტესტო აქციები ქვეყნის შიგნით არის ფაქტორები, რომლებიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა დავით ზედელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა, რომ არ ითანამშრომლოს ავტორიტარულ ინსტიტუტებთან.
“ამ არჩევნების არალეგიტიმურად ცნობა საერთაშორისო პარტნიორებისგან და საპროტესტო აქციები ქვეყნის შიგნით არის ფაქტორები, რომლებიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული იმდენად, რამდენადაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არჩევნების ლეგიტიმაციაზე შედარებით მკაცრი პოზიციის დაკავება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ, რა წინააღმდეგობას გამოხატავს ქართული საზოგადოება და რამდენად ღრმაა რეჟიმის დელეგიტიმაციის მასშტაბი.
ჩვენ ვართ ავტორიტარულ რეალობაში და ახლა რეჟიმი თუ მასობრივ რეპრესიას არ მიმართავს, მხოლოდ იმის გამო, ჯერჯერობით, რომ მას ეს არ სჭირდება. ეს ავტორიტარული რეჟიმი მოითხოვს ამ რეალობის ადეკვატურ მოქმედებებს, რადგან ჩვენ თუ გვინდა, რომ ამ რეალობიდან გამოვიდეთ, ჩვენ უნდა დავარქვათ ამ რეალობას თავისი სახელი, მათ შორის, ამ რეჟიმის სრული დელეგიტიმაცია არის წინააღმდეგობის მთავარი ამოცანა და ეს მიიღწევა თანმიმდევრული უარყოფით. ასევე თანმიმდევრული უნდა იყოს, ასევე თანმიმდევრულ ქმედებებში ის დაპირება, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა გასცეს, რომ ისინი ლეგიტიმაციას არ მიანიჭებენ ავტორიტარულ ინსტიტუტებს. აქ არის განსხვავებული გზები – შენ თუ ირჩევ იმ გზას, რომ აღიარებ ავტორიტარული რეჟიმის რეალობას და ეგუები, რომ სხვა გზა არ არის, მაშინ გარედანაც ყველა ეგუება.
ოპოზიციას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა, რომ არ ითანამშრომლოს ავტორიტარულ ინსტიტუტებთან, რადგან ის თუ ამ გზას აირჩევს, ეს გამოიწვევს სამოქალაქო პროტესტის დემოტივაციას“, – განაცხადა დავით ზედელაშვილმა.