spot_img
spot_imgspot_img
spot_img

დავით ზედელაშვილი – პროტესტი მათთვის უმნიშვნელო არ არის და ეს ძალიან კარგად ჩანს

ამ რეჟიმის მთავარი მიზანი ადამიანების წინააღმდეგობის უნარის სრული განადგურებაა, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა დავით ზედელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რეჟიმი ვერ ახერხებს რეალობის გაყალბებას.

“რეჟიმი კვლავაც ცდილობს რეპრესიების გზით “წითელი ხაზების” გავლებას. ამ მცდელობას თან სდევს აშკარა ფრუსტრაცია მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის ინტენსივობა პერიოდულად იკლებს, საზოგადოებრივი წინააღმდეგობა მაინც შენარჩუნებულია.

რეჟიმი ვერ ახერხებს რეალობის გაყალბებას. ყველასთვის ნათელია, რომ ქვეყანაში კრიზისია და ჰარმონია არ არსებობს.

ყველა მცდელობის მიუხედავად, ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ შეუძლია საბოლოოდ გაავლოს “წითელი ხაზები”.
რას ნიშნავს ეს ხაზები? ამის გასაგებად შეგვიძლია გადავხედოთ რუსეთის ანტისაომარ პროტესტს: ომის პირველ წელს, რუსეთში ცენზურის მუხლებით დააკავეს დაახლოებით 22 000 ადამიანი. მომდევნო წელს ეს რიცხვი საგრძნობლად შემცირდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ რეჟიმმა საზოგადოებაში ახალი შიშის ზღვარი გაავლო, სადაც პროტესტიც კი მკაცრად შემოიფარგლა ან გაუქმდა.

დღეს საქართველოში იგივე მცდელობაა, რეჟიმი ცდილობს შექმნას ვითარება, სადაც მაგალითად რუსთაველის გამზირის გადაკეტვა მუდმივად შეუძლებელი გახდება.

ეს არ არის უბრალო ტექნიკური ზომები — ეს სამართლიანობისა და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკაა. საბოლოო ჯამში, ასეთი პოლიტიკა მორალურ საფრთხეს უქმნის თავად რეჟიმის სტაბილურობას. პროტესტი მათთვის უმნიშვნელო არ არის და ეს ძალიან კარგად ჩანს.

ხელისუფლება ცდილობს ადაპტაციის რეჟიმში გადავიდეს, რადგან მათთვის დრო არ იცდის. ისინი ფლობენ ფარდობით უპირატესობას, რომელიც სურთ გადააქციონ შეუქცევად და მონოპოლიურ ძალაუფლებად, მაგრამ ეს შეუძლებელი იქნება, თუკი საზოგადოებაში არსებობს მობილიზაციის რესურსი, რომელიც ქვემოდან შლის ამ სისტემას.

რატომ იღებს რეჟიმი მსგავს კანონებს? იმიტომ, რომ სურს არ არსებობდეს დამოუკიდებელი მატერიალური და ორგანიზაციული საშუალებები, რომლებიც აუცილებელია კოლექტიური მოქმედებისთვის. ისინი ცდილობენ არ დაუშვან ორგანიზებული პოლიტიკური წინააღმდეგობა. ამ რეჟიმის მთავარი მიზანი არის ადამიანების წინააღმდეგობის უნარის სრული განადგურება”, – განაცხადა ზედელაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები