spot_img
spot_imgspot_img
spot_img

დავით ზურაბიშვილი – აქ თუ ივანიშვილმა სიტუაცია პოლიტიკურად მოგუდა, ვერც ევროკავშირი და ვერც ამერიკა ვერაფერს იზამს, არც სანქციები დადგება დღის წესრიგში

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია ჩიხშია შესული და  გამოსავლის პოვნაა საჭირო. ლიდერების ნაწილი ოპოზიციის გაერთიანების მომხრეა, რომლის ლიდერიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს. ნაწილისთვის კი გამოსავალი უწყვეტი აქციები და ქვეყანაში საპროტესტო მუხტის კიდევ უფრო გაძლიერებაა. თუმცა ოპოზიციურ ამომრჩეველში, ბოლო დროს, ნიჰილიზმი ჭარბობს. განცხადებები კეთდება იმაზე, რომ ოპოზიციას არ აქვს გეგმა და ქაოსური მოქმედებებით, იქნება ეს გზის პიკეტირება თუ სხვა, მხოლოდ ხელისუფლება რჩება გამარჯვებული. ეს კი ოპოზიციას კიდევ უფრო აზიანებს.

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი Front News-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მცდარია ოპოზიციის დამოკიდებულება, როცა მას ხელისუფლების სწრაფად ჩამონგრევა და დამხობა სურს. მისი აზრით, პირველ რიგში, გასააზრებელია რა უნდა თავად ბიძინა ივანიშვილს და მოქმედების ტაქტიკა ოპოზიციამ ამ მიმართულებით უნდა დასახოს.

– ოპოზიცია გამოსავლის ძიებაშია. “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება და რაღაცაა შესაცვლელი. ივანიშვილი აგონიაში კი არაა, ის მშვენივრად უმკლავდება სიტუაციას და ქვეყანაში საპროტესტო მუხტის ჩახშობას ცდილობს. რა უნდა ქნას ოპოზიციამ იმისთვის, რომ არსებული რეალობა შეიცვალოს?

–  ვფიქრობ, რომ ოპოზიციას არასწორი სურვილი და ემოციური მოქმედება უშლის ხელს. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ მათ უნდათ ხელისუფლება რაც შეიძლება მალე დაანგრიონ. ეს არ არის სწორი მიდგომა, რადგან ხელისუფლება კი არ უნდა დაანგრიონ, ჯერ კარგად უნდა გაიაზრონ ამოცანა და ამის შემდეგ მიზნად ხელისუფლების შეცვლა დაისახონ. ოპოზიციის თვითმიზანი არ უნდა იყოს ხელისუფლების ჩამოშლა, გატეხა, მუხლებზე დაცემა და ბოდიშის მოხდა. ეს არ მოხდება ასე მარტივად. შესაძლოა, ხელისუფლება ჩამოინგრეს და შესაძლოა, არა, ყველა ვარიანტი უნდა დაუშვან. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ ვიაზრებთ სიტუაციას. მეჩვენება, რომ სწორად გააზრება არ ხდება ხელისუფლების მდგომარეობის. მე არ მგონია, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილი სიტუაციას უმკლავდება. ჩემი აზრით, მისთვის ძალიან საგანგაშო სიტუაციაა და ის ამას არ იმჩნევს. კი ბატონო, აგონიაში არ არის, მაგრამ იბრძვის იმისთვის, რომ სიტუაცია გამოასწოროს.

– როგორ ცდილობენ ამ სიტუაციიდან გამოსვლას, რა უნდა ახლა ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილს? რა არის მისი მოქმედების მთავარი მიზანი? ვნახეთ კანონების გამკაცრება ხდება, ეს საპროტესტო მუხტის ჩასახშობად არის გამიზნული, რომელიც ახლა ხელისუფლებას ყველაზე მეტად აშინებს?

– კი ბატონო, ახლა იმის გაანალიზებაა საჭირო რა უნდა ბიძინა ივანიშვილს და ამ სიტუაციაში რა შეიძლება გაკეთდეს. არავის ეგონოს, რომ ხელისუფლებას ახლა ბოდიში და ფეხებზე ჰკიდია ქვეყანაში რა სიტუაცია იქნება. ქუჩაში ვისაც რა უნდა ის აკეთოს, ასე არაა. ეს თუ ოპოზიციამ დაიჯერა, მართლა ფრუსტრაციაში ჩავარდება. ეს ასე არ არის, იმ მარტივი მიზეზის გამო, რადგან ივანიშვილის მიზანია ძალაუფლება შეინარჩუნოს. ის ამისთვის იბრძვის და ნებისმიერ რაღაცას უფრთხის და ანგარიშს უწევს. ზოგი ფიქრობს, რომ ივანიშვილის მიზანია ქვეყანა რუსეთს ჩააბაროს. მე ასე არ ვფიქრობ. მოდი მე საქართველოს რუსეთს მივართმევ, ეს ასე არაა. რუსეთის ფაქტორი, კი ბატონო, ძლიერდება, მაგრამ არ მგონია, რომ ივანიშვილის დაუოკებელი სურვილი და  დავალება ეს არის, რომელსაც ის ასრულებს. მე უფრო მგონია, რომ მისი მიზანია თავად ჰქონდეს აბსოლუტური ძალაუფლება.

– შესაძლოა, ვთქვათ, რომ ამ ძალაუფლების შენარჩუნებაში ის ფიქრობს, ახლა დასავლეთი  ხელს უშლის, ამიტომ ქვეყნის საგარეო კურსს და პრიორიტეტებს ცვლის? რა არის დასავლეთთან შეცვლილი დამოკიდებულების მისი მთავარი მიზანი? 

– რა თქმა უნდა, თუკი ის ადრე დასავლეთსა  და ჩრდილოეთს შორის პოლიტიკის დაბალანსებას ცდილობდა, ახლა ბიძინა ივანიშვილი დასავლეთისკენ ზურგით ბრუნდება. ევროატლანტიკურ სივრცეს საერთოდ ეთიშება და ცდილობს ახლა რუსეთის გავლენა ჩინეთით, არაბული სამყაროთი დააბალანსოს. მისი გეოპოლიტიკა ახლა არის ასეთი, რომ ჩრდილოეთი და ჩრდილო – აღმოსავლური პოლიტიკის ბალანსი შექმნას. ის ქვეყნის ამ გეოპოლიტიკურ რელსებზე გადაყვანას ცდილობს. ელემენტარული კობახიძის ვიზიტები რომ ნახოთ, ვის ხვდება, ვის ელაპარაკება, ძირითადად ეს არის არაბული ქვეყნები. აზერბაიჯანი, აზერბაიჯანი – თურქეთის ტრანზიტზეა საუბარი და ა.შ. ამით ის რუსეთის გაწონასწორებას ცდილობს.

დასავლურ სივრცეში დემოკრატიას ითხოვენ. ამ სივრცეში კი, რომელზეც ის ცდილობს ქვეყნის გადაყვანას, დემოკრატიას არავინ მოსთხოვს. არც ჩინეთი, არც ირანი და არც რუსეთი. ამიტომ მას იმედი აქვს, რომ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციით, ის ამ სივრცეში დამკვიდრებას შეძლებს. იქნება მარადიული მმართველი, ხალხს ეტყვის, რომ აბა რა გინდათ, ქვეყანაში ეკონომიკა არის, ფული შემოდის და ეს დასავლეთი ვის რა თავში სარტყმელად უნდა. ამ სივრცეს, რომელზეც მან გეზი აიღო, არ სჭირდება არასამთავრობო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი მედია, ოპოზიცია მომხვრჩვალია, ამიტომ დააანონსა საკანონმდებლო ცვლილებებიც.

– თუმცა ქვეყანაში ვიცით, რომ ევროატლანტიკურ კურსს მოსახლეობის 80% უჭერს მხარს. უმრავლესობას ყველა გამოკითხვის მიხედვით, დასავლური საგარეო ვექტორი უნდა. შეძლებს კი ივანიშვილი ამ სურვილის რეალურად განხორციელებას?

– კი ბატონო, ესაა მთავარი კითხვა, მაგრამ აქვე დავამატებ, რა სჭირდება მას ამისთვის ქვეყნის შიგნით, რომ ეს სურვილი შესრულდეს. მას სჭირდება პირველ რიგში, რომ ეს პროტესტი აღარ არსებობდეს. ავტორიტარული რეჟიმი მაშინ არის სტაბილური, თუ ქვეყნის შიგნით სიტუაციას უმაღლეს დონეზე აკონტროლებს. ის ასეთ სიტუაციაში ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას ვერ გამოიყენებს. არც იმ აღმოსავლეთს აღარ დააინტერესებს დიდად, თუკი აქ მუდმივი რყევა, საპროტესტო გამოსვლა და გზის გადაკეტვა იქნება. თუ ქვეყანაში სიტუაციას ვერ აკონტროლებ, მაშინ რატომ უნდა გენდონ ეს ქვეყნები, რომ შენ ტრანზიტს ააწყობ. თუ ქვეყნის მთავარი პირი და ხელისუფლება, დასავლეთის მიერ არის სანქცირებული, მათ თვალში კეთროვანი ხარ, რაში სჭირდები ჩინეთს, რომელსაც საქართველო, როგორც ევროპაზე გამავალი გზა ისე აინტერესებს.

თუ შენ ევროპასთან აღარ მიგესვლება და ყველასთან ომი გამოაცხადე, ჩინეთს რაღაში დასჭირდები. მაქსიმუმ რაც შეიძლება ასეთ სიტუაციაში შეძლო,  თურქეთ-აზერბაიჯანის ტრანზიტია, რომელიც არცთუ თუ კარგი პირობებით თავზე მოგახვიონ. ერთადერთი, ვინც დასავლეთისგან მოძულებულ ქვეყანასთან ურთიერთობას დასთანხმდება, ეს არის რუსეთი. თუმცა მისი აქ გაძლიერება, არც ჩვენ მეზობლებს, აზერბაიჯანსა და თურქეთს  აწყობს.

მაშინ ამ ახალ მოცემულობას, რასაც საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლური სივრცის ნაწილად ყოფნა ჰქვია, დასავლეთიც უნდა დასთანხმდეს, სატრანზიტო ფუნქცია ამ პირობით თუ შეიძლება ამ ქვეყნებისთვისაც მისაღები იყოს. განსაკუთრებით ამაზე ივანიშვილს ტრამპი და ამერიკა უნდა დასთანხმდეს. თუ ქვეყნის შიგნით ეს აქციები არ გაჩერდა, ივანიშვილი სტაბილურობის გარანტორი, ვერც დასავლეთის და ვერც ჩრდილო – აღმოსავლეთის თვალში ვერ ჩნდება.

– როგორც თქვენ აღნიშნეთ, ივანიშვილისთვის საფრთხეა ქვეყნის შიგნით არასტაბილურობა და საპროტესტო აქციები, მაგრამ ხელისუფლება ამბობს, რომ იმ რაოდენობის ხალხი, რომელიც ოპოზიციას ქუჩაში გამოჰყავს, ვერ იქნება გადამწყვეტი, რადგან უმრავლესობას სხვა რამ სურს. ნიჰილიზმი ოპოზიციაშიც შეიმჩნევა და მათ მხარდამჭერებშიც. გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის გაერთიანება უნდა მოხდეს, ამ კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალს ოპოზიციის გაერთიანებაში ხედავთ?

– მე საერთოდ არ მგონია, რომ ამ ოპოზიციურ სპექტრს  საერთოდ შესაძლებლობა აქვს, რომ ოდესმე ავტორიტეტული გახდეს. ეს არ მოხდება, ამიტომ ესენი გინდა გაერთიანდნენ, გინდა არა, არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. თუ მთელი ოპოზიცია გაერთიანდა, პირიქით, ეს ხელისუფლებისთვის მისწრება იქნება, რადგან იტყვის, რომ აი ყველა ნაცები არიან, ამას არ ვამბობდით ამდენი ხანი. ამისთვის კი არ უნდა გაერთიანდნენ, არამედ საპროტესტო მუხტის გასაძლიერებლად ახალი ძალა უნდა შეიქმნას. ახლის შექმნა კი ბატონო, უნდა მოხდეს სალომე ზურაბიშვილის ეგიდით, ოღონდ ახალი ძალა უნდა იყოს. კი ბატონო, ამაში ძველი პოლიტიკური სახეების გაერთიანებაც შესაძლებელია. ვიღაცებთან კოალიციაშიც შევიდეს, მაგრამ ეს უნდა იყოს ახალი ძალა, რომელსაც ამ საპროტესტო მუხტის მანდატი ექნება. ასე არა რომ, ყველა პარტია მექანიკურად გაერთიანდეს. ასე არაფერი არ გამოვა.

– თქვენ ტრამპის მნიშვნელობას გაუსვით ხაზი, ამაზე მინდა ჩაგეკითხოთ, როდის და როგორ შეიძლება მისი ყურადღება საქართველომ მიიქციოს. ჯერჯერობით ახალი ადმინისტრაციის მხრიდან არაფერი განცხადება არ გაკეთებულა. მის მიმართ მოლოდინი,ხელისუფლების და ოპოზიციის, რამდენად რეალურია? 

– ტრამპი არაპროგნოზირებადი პოლიტიკოსია და ძალიან რთულია წინასწარ იმის განსაზღვრა რას და როგორ გააკეთებს. არ ვფიქრობ და ლოგიკურად ასეც არის, რომ არავითარ შემთხვევაში, სამხრეთ კავკასია ტრამპმა რუსეთთან არ უნდა დათმოს. ეს მგონია გამორიცხული, თუ ეს არ მოხდა, მაშინ ბიძინა ივანიშვილის ფუნქცია რა არის, ეს ნაკლებად მესმის. ტრამპის იმედი ბიძინა ივანიშვილს იმდენად აქვს, რომ ფიქრობს, ის მას თავს დაანებებს. ივანიშვილი იმედოვნებს, რომ აშშ კავკასიას არ შეეხება. იმიტომ აქვს ტრამპის იმედი, თორემ მას არანაირად არ უნდა ამერიკამ აქ ისევ საკუთარი ინტერესების გატარება დაიწყოს. არ მაქვს მოლოდინი, რომ ტრამპი თავის ინტერესებს ასე მარტივად დათმობს. ასევე დიდი გავლენა ექნება ტრამპის პოლიტიკას ევროპაზეც.

– ფიქრობთ, რომ ახლა ბრიუსელის თავშეკავებულობა საქართველოს უფრო მკაცრი სანქციები არ დაუწესოს, სწორედ იმით არის განპირობებული, რომ ისინი ტრამპს ელოდებიან? 

– დიახ, ბრიუსელიც ტრამპს ელოდება. მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მთელს მსოფლიოში სიტუაცია აჭრილია. ევროკავშირს ამერიკასთან ურთიერთობაში უკვე ბზარები აქვს გაჩენილი. ვხედავთ ამერიკა ჰააგის სასამართლოდან გამოვიდა. იქ გრელანდია მინდაო, კანადაო, პანამაო და ბევრი თემაა, რაც ევროკავშირისთვის უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე საქართველო. თუმცა ჩვენამდეც მოვა ეს სიტუაცია. აქ თუ აქციები იქნება და ეს რყევა გაგრძელდება, სანქციების ალბათობაც მაღალია, იგივე ტრამპის მხრიდან. თუმცა აქ თუ ივანიშვილმა სიტუაცია პოლიტიკურად მოგუდა, მაშინ ვერც ევროკავშირი და ვერც ამერიკა ვერაფერს იზამს. არც სანქციების დაწესება დადგება დღის წესრიგში.

ელზა პაპოშვილი 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები