რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძის დაყენება, რა პერსპეტქივა აქვს „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა პარტიების თანამშრომლობას და რა განცხადებას უნდა ველოდოთ ყოფილი პრემიერის მისამართით ირაკლი კობახიძისაგან? – ამ და სხვა საკითხებზე Front News-ს პოლიტიკის ანალიტიკოსი, „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი ესაუბრა.
– ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურის დაყენებასთან დაკავშირებით, ბევრისათვის შეიძლება გაუგებარი იყოს, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველმა, რომელსაც რუსთავში საკმაოდ მყარი პოზიციები აქვს, რატომ უნდა დაუჭიროს მხარი სხვა პარტიის წარმომადგენელს, რამდენად შეიძლება წარმატებული აღმოჩნდეს ოპოზიციური პარტიების ეს ძალისხმევა?
– ბადრი ჯაფარიძე რომ აბსოლუტურად პოლიტიკური ანგარიშსწორების შედეგად და დარწმუნებული ვარ, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილის ახირებული მოთხოვნის შედეგად გაუშვეს პარლამენტიდან, ამაში ეჭვი არ მეპარება. რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა წმინდა პოლიტიკურად და პრაგმატულად მისი დაყენება რუსთავში? – ეს მიმაჩნია პრინციპულად არასწორ ნაბიჯად, ძალიან ელემენტარული ინტელექტის დეფიციტს ვხედავ აქ, იმდენად ცხადია, რომ ვერ მოიგებს, არ ვიცი, რისი ილუზიები შეიძლება ჰქონდეთ? რამდენიმე ფაქტორია ამისთვის: პირველი – შუალედურ არჩევნებზე ხელისუფლებას ისედაც აქვს უპირატესობა, რადგან არ ჭირდება რესურსის განაწილება მთლ ქვეყანაზე და თუ მნიშვნელოვნად ჩათვალა ძალიან დიდი რესურსი აქვს, რომ შეძლოს თავისი კანდიდატურის გაყვანა. მეორე – აქ ხელისუფლება ძალიან მოინდომებს, რადგან გუშინ გააგდო ადამიანი პარლამენტიდან და ყველანაირად შეეცდება მეორე დღესვე უკან არ დააბრუნოს. მესამე ფაქტორი, რუსთავში, თქვენ სწორად თქვით, რომ „ნაციონალურ მოძრაბას“ მაღალი რეიტინგი აქვს, ეს ცხადყო თვითმმართველობის არჩევნებმა. მაგრამ მას შემდეგ ძალიან დიდი ნიჰილიზმი გაჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველში, უფრო რადიკალური ნაწილში. ისინი ბრალს დებენ, რომ პარლამენტში არიან საერთოდ, იმ დროს როდესაც მათი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ციხეშია. საყვედურობენ, რა უნდათ პარლამენტში საერთოდ და რატომ არ მიდიან რადიკალურ ზომებზე. არ მგონია, რომ ამ ნაწილმა მხარი დაუჭიროს ბადრი ჯაფარიძეს, მიუხედავად იმისა, რამდენადაც უნდა მოუწოდონ ლიდერებმა, ან თუნდაც სააკაშვილმა, არ დაუჭერს მხარს, უბრალოდ, არ მივა არჩევნებზე. პარლამენტში ერთი ადამიანით მეტი იქნება თუ ნაკლები ,ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ძირითადი ნაწილისთვის არის აბსოლუტურად უმნიშვნელო საკითხი. მას უნდა ხელისუფლების შეცვლა, ამ არჩევნებით ხელისუფლება რომ არ შეიცვლება, ეს იციან. ამიტომ არ არის მოტივაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის ნაწილში, მითუმეტეს, 5 ნომრით რომ არ იქნება კანდიდატი.
ადამიანი, რომელიც, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია, წარმატებული ბიზნესმენი იყო, ბანკირი, რუსთავში კი ძირითადად, ცხოვრობს გაჭირვებული და საშუალოზე უფრო დაბალი ფენის მოსახლეობა. ისინი, წმინდა სოციალურად, ასეთ მდიდარ ადამიანებს მაინცდამაინც კარგი თვალით არ უყურებენ, თუ იქაური არ არის და ვიღაცეებს ფულს არ ურიგებს. დავით კირკიტაძეს უჭერდნენ მხარს, ჯერ ერთი ის გუბერნატორად ნამუშევარია და ასე თუ ისე იცნობენ მას. და მეორე, ამ სოციალური წრის ადამიანებისათვის უფრო მისაღები პერსონა არის. ბადრი ჯაფარიძე მათთვის არის სრულიად სხვა ტიპი, რომელსაც თავის ანგარიშები აქვს ბიძინა ივანიშვილისადმი, აქედან გამომდირე, არ იქნება დიდი მოტივაცია. იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციური ამომრჩევლისაგან მოტივაციას არ ველი და ამას დიდ ბრძოლის ველად არ გადააქცევენ, მეორეს მხრივ, ხელისუფლება ძალიან მოტივირებულია, რომ არ შემოუშვას პარლამენტში, პლუს – სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ რომ მხარდაჭერას გამოგიცხადებს, ის ამომრჩეველი, ვისთვისაც სააკაშვილი მიუღებელია, ისინიც აღარ დაგიჭერენ მხარს. აქედან გამომდინარე, მე მგონი, შანსები ძალიან მცირეა. ეს მათთვისაც ნათელი უნდა იყოს, ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურის დაყენება არასწორი იქნება, რადგან წაგება კიდევ უარესი იქნება მათთვის.
– ის არგუმენტი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად ერთი ხმა სჭირდება, არ იმუშავებს?
– საგამოძოებო კომისიის შექმნაც, მგონია, არის სისულელე, დავუშვათ და შეიქმნა, რა უნდა გამოიძიოს? რამე არის გამოუძიებელი? ყველაფერი ვიცით. მეორე, რომ არ დაუმტკიცდეს წამება, მერე რას ვშვებით? გამოვა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი და იტყვის, რომ არ უწამებია სააკაშვილი პუტინს და ივანიშვილს?
– გახარიას პარტიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლობაზე რა აზრის ხართ? ცალკეულ მუნიციპალიტეტებში მათმა შეთანხმებამ, ფაქტია, რომ ძალიან გაღიაზიანაა „ქართული ოცნება“, ხან ქორწიმება უწოდა და სხვადასხვა ეპიტეთებით ამკობს, ზუგდიდში იყო გარკვეული მორალური პრობლემაც, ამაზე რას იტყვით?
– არავითარი მორალური პრობლემა არ იყო, როდესაც უკვე ხარ პარლამენტში, საკრებულოში, იქ უნდა გააკეთო საქმე. ამ საქმის კეთებაში ხდება თანამშრომლობა ისეთ პარტიებთანაც კი, რომელიც შეიძლება არ იყოს შენთვის მთლად მისაღები. ეს ნორმალური პროცესია და მე ამას ვუყურებ პოზიტიურად. ამ შემთხვევაში გახარიას პარტიაც და „ნაციონალური მოძრაობაც“ ავლენს უნარს, რომ შეუძლია თანამშრომლობა იმასთან, ვინც მისიანი არაა. ასე თუ ერთმანეთს ცოდვები დავუთვალეთ, მაშინ არცერთი პარტია არ არის, რომელსაც მეორე პარტია ვერ მოუძებნის მისთვის მიუღებელს.
– ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კიდევ რაღაც დარჩა გახარიაზე სათქმელი, რომელსაც იტყვის. თქვენი აზრით, რა უნდა იყოს?
– არ ვიცი, მაშინ თქვა ქალმა გაასინჯა კოკაინიო, ახლა, ალბათ იტყვის, ქალი კი არა, კაცი იყოო. ძალიან არასერიოზულია, შეუძლებელია ამ განცხადებების სერიოზულად აღქმა.
ირინა მაკარიძე
Front News