სულ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბოლო მომენტში ვინც დაურეკავს ბიძინა ივანიშვილს, იმის ჭკუაზე არიან, – ამის შესახებ Fron News-ს დავით ზურაბიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა არათანმიმდევრულია და ურთიერთსაწინააღმდეგო. ამის ერთ-ერთი მაგალითია პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ოპოზიციას პარლამენტში რუსეთის ხსენების საშუალებას არ აძლევდა, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს კი წერილს უგზავნის და რუსულ აგრესიას გმობს.
“ოპოზიცია რა შუაშია, ხელისუფლება საკუთარ თავს თავად უვრცელებს ყველაზე დიდ კომპრომატს, ამას ისინი ეძახიან სიფრთხილეს და ქვეყნის ინტერესებზე ზრუნვას, რეალურად, რასაც ჩვენ ვუყურებთ, ეს არ არის სიფრთხილე, ეს არის სიმხდალე, წინასწარ დამარცხებულის პოზიციიდან ლაპარაკი – აი , რუსეთმა თუ იკადრა და ჯარი დაძრა აქეთკენ, ჩვენ წინააღმდეგობას ვერ გავუწევთ, ამიტომ რასაც მოგვთხოვს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ეს პოზიცია გამოიხატება საკმაოდ წინააღმდეგობრივ და არათანმიმდევრულ მესიჯებში. თუ კი საერთაშორისო დონეზე, გაეროს რეზოლუციის მიღებისას, ჰააგის სასამართლოში საქართველო პოზიციონირებს რუსეთის წინააღმდეგ, სამაგიეროდ, საქართველოს პარლამენტში იღებს უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ისე, რომ არ ახსენებს რუსეთს. მერე ის ადამიანი, რომელიც ოპოზიციას უმტკიცებდა, რომ არ შეიძლება აქ რუსეთის ხსენება, პარლამენტის თვმჯდომარე წერილს წერს უკრაინის პარლამენტის თვმჯდომარეს, სადაც ლაპარაკობს რუსეთის აგრესიაზე. ვერ გაიგებ, რა პოზიციაზე არიან. მე სულ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბოლო მომენტში ვინც დაურეკავს ბიძინა ივანიშვილს, იმის ჭკუაზე არიან, თუ რუსი დარეკავს, და დაემურება, რუსეთისაკენ გადაიხრებიან, მერე თუ ევროპიდან და ამერიკიდან დარეკავენ და იკითხავენ, რა ხდება თქვენსკენ, რუსეთისკენ ხო არ მიდიხართო და არა ბატონოო, ისევ დასავლეთისკენ გადაიხრებიან.
ვერ ვხედავ, რომ ხელისუფლებას ერთი მკაფიო პოლიტიკური ხაზი ქონდეს. იმაში არ ვეთანხმები ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ამბობს, რომ ივანიშვილი პუტინის მოკავშირეა და მის ბრძანებებს ასრულებენ, მაგრამ გარკვეული განცხადებები, რომ იყო რუსეთისთვის უფრო ხელსაყრელი, ეს ცხადია. განსაკუთრებით ეს ეხება პრემიერ-მინისტრს. პრემიერ-მინისტრის და მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებას მერე საგარეო საქმეთა მინისტრის მცდელობები ვერ გადაფარავს ასე ადვილად“ , – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, სრულიად გაუგებარია ხელისუფლების მიერ საქართველო-უკრაინის ურთიერთობის ნაც-ქოცური კონფრონტაციის დონეზე დაყვანა.
„სრულიად უცნაური ამბავი იყო ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ საყვედურები და საქართველო-უკრაინის ურთიერთობის დაყვანა ნაც-ქოცური კონფრონტაციის დონეზე. ეს იყო ძალიან აცდენილი იმას, რაც შეეფერება სახელმწიფოს, ხელისუფლებას და მითუმეტეს, ასეთ რეალობას. არა მგონია, ეს იყოს სწორი, ესაა ჩვენი პრობლემის თავი და თავი, ის რომ ოპოზიცია რაღაც შეცდომებს უშვებს და რაღაც მომენტში შეიძლება ზედმეტად ამუქებდეს სიტუაციას, ეს არის არაფერი იმასთან შედარებით, რასაც ხელისუფლება აკეთებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.