როდესაც დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს აღიქვამენ მოსისხლეებად და ქვეყნის მტრებად, აქ წარმოუდგენლელია რაიმეზე შეთანხმება, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი წევრმა დავით ზურაბიშვილმა Front News-ს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის დემოკრატიის სამიტზე გაჟღერებული ინიციატივის კომენტირებისას განუცხადა.
დავით ზურაბიშვილის თქმით, შექმნილი კრიტიკული მდგომარეობიდან გამოსავალი მესამე ძალის გაძლიერებაა.
“შეიძლება გულწრფელად უნდა რაღაც შეცვალოს, ან ეს საგარეო მოხმარებისათვის გაკეთებული განცხადებაა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ პრინციპულიად არასწორია მიდგომა და საერთოდ სიტყვა – შერიგება.
ჩვენ პატარა ბავშვები ხომ არ ვართ, რომ ვიხჩუბოთ და მერე შევრიგდეთ. აქ საუბარია ორი ურთიერთგამომრიცხავი შეხედულებების მქონე ადამიანებზე. როდესაც დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს აღიქვამენ მოსისხლეებად და ქვეყნის მტრებად, აქ წარმოუდგენლელი მგონია რაიმეზე შეთანხმება.
ამ ორი მხარის გარდა არის მესამე მხარე, რომელიც არცერთ მხარეს არ მიეკუთვნება და მისი იგნორირება ხდება. მე მგონი, ეს არის პრობლემა. თუ რაიმე კომპრომისი გვინდა, ამ მესამე მხარის გაძლიერება უნდა მოხდეს. ადამიანები უნდა გახდნენ აქტუალურები, რომლებიც არცერთ დაპირისპირებულ ბანაკებში არ მოაზრებიან. ამ დაპირისპირებულ მხარეებზე რაიმე იმედის დამყარება მე მგონი, არის უტოპია” , – განაცხადა ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება მესამე მხარეს, როგორც დავით ზურაბიშვილი განმარტავს, შესაბამისი განწყობა საზოგადოებრივ სეგმენტში საკმაოდ ძლიერია, თუმცა მას ორიენტირის სახით, პოლიტიკური ძალა არ ყავს.