მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმართულია სახელმწიფო პროპაგანდა, რომელიც ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს, საზოგადოებას დაუკარგოს რწმენა საერთო კეთილდღეობისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის მნიშვნელობის მიმართ, – ამის შესახებ “მედიის ადვოკატირების კოალიციის” განცხადებაშია აღნიშნული.
“დღეს ასი დღე შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება. მზია ამაღლობელის საქმეში “დაზარალებულ“ პოლიციელებს მხარდამჭერად ცრუ მოწმეები და გაყალბებული ვიდეომასალა მოჰყავთ.
მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმართულია სახელმწიფო პროპაგანდა, რომელიც ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს, საზოგადოებას დაუკარგოს რწმენა საერთო კეთილდღეობისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის მნიშვნელობის მიმართ.
საზოგადოება იდგება სიმართლის მხარეს, ისევე, როგორც მზია ამაღლობელი, რომელმაც, როგორც ჟურნალისტმა, სიმართლის ძიება და მისი გახმოვანება პროფესიად და ცხოვრების წესად აირჩია “, – აღნიშნულია განცხადებაში.
მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.