პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა მელიას დაკავების ოპერაციისთვის შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და პოლიციას მადლობას უხდის.
როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს ყველა გახდა მომსწრე, რომ საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა.
"დღეს ჩვენ გავხდით მომსწრე იმისა, რომ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, ვართ ძლიერი სახელმწიფო, ჩვენ გვყავს ძლიერი პოლიცია, ძალაინ ეფექტური შინაგან საქმეთა მინისტრი, მინდა, მინისტრ გომელაურს მთელი მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო და მთელ პოლიციას იმისთვის, რომ მათ დაიცვეს ჩვენი სახელმწიფოს ღირსება, სტაბილურობა", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ნიკა მელია კრიმინალია და ყველა ვალდებულია, კანონს დაემორჩილოს.
რაც შეეხება დაკავების ოპერაციას, ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მელიას დაკავება თანამედროვე სტანდარტებით მოხდა.
"ეს არის აბსოლუტურად ცივილიზებული დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტი, დღეს ჩვენმა გმირმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი, ის, რაც არის ევროპული, ამერიკული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი. მადლობა გომელაურს და მთელ პოლიციას, ვამაყობ თქვენით", – აღნიშნა ღარიბაშვილმა.