დღეს, 17:00 საათზე, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში”ესეების კონკურსის „ჩემი ქვეყნის დემოკრატიული მომავალი“ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება, რომელიც ამერიკის საელჩოსთან პარტნიორობითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
ესეების კონკურსი 23 თებერვალს დაღუპულ ქართველ იუნკერთა ხსოვნას მიეძღვნა.
კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს ესეები: ადამიანის უფლებების, თავისუფლების, კანონის, სოლიდარობისა და ტოლერანტობის, კულტურისა და ენობრივი მრავალფეროვნების პატივისცემის, საქართველოსა და ევროპულ სახელმწიფოებს შორის კავშირის და ერთიანობის იდეის შესახებ.
პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს ამერიკის საელჩო სერტიფიკატებით დააჯილდოებს, ამერიკული საერთაშორისო სკოლა “პროგრესისგან” კი მიიღებენ American High School (AP) პროგრამის კურსზე დაფინანსებას და შესაბამის ამერიკულ აკრედიტებულ დიპლომს.
პირველი ადგილის მფლობელი, ასევე, დაჯილდოვდება ამერიკის შეერთებული შტატების საგზურით, გაეროს კონფერენციაზე “CHANGE THE WORLD – MODEL UN CONFERENCE”.
აღსანიშნავია, რომ ცერემონიალზე, სკოლა “პროგრესის“ 20 წლის იუბილეს აღნიშვნასთან ერთად საზეიმოდ გამოცხადდება “კურსდამთავრებულთა ასოციაციისა“ და „ქართულ-ამერიკული გაეროს მოდელირების საზოგადოების“ დაფუძნება.
ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი სოპრანო მარიკა მაჩიტიძე, ტენორი გიორგი ხოფერია და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის კამერული ორკესტრი.