დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან მაღაროელების მხარდამჭერი აქცია გაიმართება, – ამის შესახებ მოძრაობა “სირცხვილიას” განცხადებაშია აღნიშნული.
“10 ადამიანი, რომელიც უკვე 14 დღეა, შიმშილობს. მათ გვერდით სხვა მაღაროელები, რომლებმაც პროტესტის ნიშნად ვენები გადაიჭრეს, პირი და თვალები ამოიკერეს.
შეუძლებელია, ვუყურებდეთ პროტესტის ასეთ მწვავე ფორმებს და ამ პროცესში “ჯორჯიან მანგანეზისა” და ხელისუფლების პოზიციებსა და ქმედებს რაიმე გამართლებას ვუძებნიდეთ.დღეს, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ გვერდით, ადამიანები უბრალოდ არსებობისთვის ითხოვენ შველას.
ხელისუფლება, რომელმაც თავად გადასცა კერძო კომპანიას ხალხის საკუთრება, ვალდებულია ხალხის, დასაქმებულთა ინტერესებს იცავდეს.
ამის ნაცვლად მთავრობის ადმინისტრაცია მხოლოდ “მედიატორის” როლში გვევლინება, ხოლო “ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენლებისგან დამცინავ პასუხს ვისმენთ, რომ პროტესტის მონაწილეების ყველა მოთხოვნას იზიარებენ, გარდა ანაზღაურების ზრდისა და სამუშაო საათების შემცირებისა.
სწორედ ეს არის მაღაროელების მთავარი მოთხოვნა – ხელფასის ზრდა და 12-საათიანი სამუშაო დღის 8 საათამდე შემცირება!ეს პრობლემები დღეს მათთვის რეალურია და დაუშვებელია მაღაროელების პროტესტის გაუფასურება რაიმე პოლიტიკური იდეოლოგიის პრიზმიდან.
დღეს, 19 ივნისს პარლამენტის წინ მაღაროელების მხარდასაჭერი აქცია გაიმართება.
სოლიდარობა ჭიათურელ მაღაროელებს!
სირცხვილი “ჯორჯიან მანგანეზს”!
სირცხვილი ხელისუფლებას!”, – აღნიშნულია განცხადებაში.
მაღაროელთა გაფიცვა მე-14 დღეა, გრძელდება. ათი გაფიცული 8 დღეა, შიმშილობს. გუშინ ერთმა გაფიცულმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა.
გაფიცული მაღაროელები დღეს ჭიათურიდან დედაქალაქში გადაინაცვლებენ. აქცია პარლამენტის შენობის წინ გაგრძელდება. ორგანიზატორების თქმით, 50-მდე მაღაროელი შიმშილობას საკანონმდებლო ორგანოს წინ დაიწყებს.
მაღაროელები კომპანიისგან ხელფასის გაზრდას და ახალი გრაფიკის გადახედვას მოითხოვენ. რამდენიმე შეხვედრა გაფიცულებს და კომპანიის წარმომადგენლებს შორის უშედეგოდ დასრულდა. მედიაციის პროცესში სახელმწიფოს წარმომადგენელია ჩართული.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fshamemovement%2Fposts%2Fpfbid0QrkguwqRiCjn33g65rMc9tH73Qc7QM9gYyfudoPLJuvBpJsL3XM6N23fhzwdoMo2l&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”738″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>