spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“დღეს საქართველოს პარლამენტმა ღალატი და მტრობა უწოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვას”

პარტია “გახარია საქართველოსთვის” განცხადებით, დღეს საქართველოს პარლამენტმა ღალატი და მტრობა უწოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვას.

 

“როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვის ერთ-ერთი ქმედითი საშუალებაა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა, რასაც ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები წლების განმავლობაში ახორციელებენ.

 

ხელისუფლების ბოლოდროინდელი პოლიტიკა და რუსული კანონის მიღება ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციის პირდაპირი რისკის ქვეშ აყენებს და საფრთხეს უქმნის არაღიარების პოლიტიკას, რაც ათწლეულების მონაპოვარია.

 

მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატის მიხეილ დაუშვილის მიერ დასმულ კითხვაზე, ხელისუფლების დღევანდელი პოზიცია ოკუპანტის სახელმწიფოს ინტერესშია და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პირდაპირი რისკია.

 

არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება და დაცვა, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვაა, თუ ვინმესთვის არის ღალატი, ეს ოკუპანტი რუსეთია. სამწუხაროა, რომ დღევანდელი ოცნება, მათ შორის ამ განცხადებით, რუსეთის ინტერესებს ემსახურება”, – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

 

მიშა დაუშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს გიორგი მსხილაძეს კითხვით მიმართა:

 

“ფაქტობრივად, ჩვენი ყველა პარტნიორი სახელმწიფო, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები, ღიად აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას ამ კანონთან დაკავშირებით, მათ შორის, ისიც უკვე ძალიან თვალსაჩინოა, რომ იქმნება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის სერიოზული საფრთხე. იმის გათვალისწინებით, რომ დღეისათვის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა პირდაპირ არის დაკავშირებული და ფაქტობრივად, ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოები არიან ამ არაღიარების პოლიტიკის მთავარი გარანტორები, თქვენი აზრით ამ კანონით და იმ ქმედებებით, რასაც „ოცნება“ ახორციელებს, მათ შორის მოქალაქეების ტოტალური ტერორით და ძალადობით, ექმნება თუ არა საფრთხე არაღიარების პოლიტიკას, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა მოექცევა საერთაშორისო იზოლაციაში, როგორ ფიქრობთ, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის კუთხით, რა რისკები შეიძლება დაუდგეს ქვეყანას? თუ ქვეყანაში რეალიზდა საერთაშორისო იზოლაციის საფრთხე, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების ნაწილში ამ კუთხით პასუხისმგებელი ვინ არის?”.

 

საპასუხოდ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ “ეს არის შანტაჟი ქვეყნის სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით”.

 

“თუ გნებავთ ბოდიში მოიხადეთ ამ შეკითხვაზე მოქალაქეების წინაშე. გნებავთ მოგცემთ სიტყვას და თქვით, რომ შეგეშალათ. ასეთი რაღაც მეორედ არ გააკეთოთ. წარმოდგენა გაქვს რას კითხულობ? გეყოთ გამბედაობა და მოიხადეთ ბოდიში. ხალხს უთხარით, რომ შეგეშალათ, რაც ახლა იკადრეთ.  ძალიან მძიმეა ვუსმინო ადამიანს, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ თქვა, რომ ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერის საკითხი შეიძლება გადაიხედოს. ეს არის თქვენი პირით გაჟღერებული საკითხი, რომელიც არის შანტაჟი ქვეყნის სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ეს არის უმძიმესი განცხადება და ყველას გადაეცით, რომ ამას არ გავატარებთ და ამაზე გვექნება ძალიან მძიმე რეაქცია. ქვეყანას აზიანებთ ამ თქვენი შეთანხმებული განცხადებით, რომელიც გაგაჟღერებინეს. ეს არის ოკუპანტის ინტერესი, რასაც ახლა თქვენ ამბობთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა მიხეილ დაუშვილის მისამართით.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები