საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის გამოყენებით, რომლის თანახმად, თითქოსდა მიწის რეფორმის პერიოდში საკუთრებაში გამოეყო ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანში მდებარე ნაკვეთი, მოტყუებით დაირეგისტრირა 2000 მ 2 მიწის ნაკვეთი.
ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთის ღირებულება შეადგენს 45 970 ლარს. გრძელდება შესაბამისი პროცედურები მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.