გურიასა და სხვა რეგიონებში დიდთოვლობით გამოწვეულმა მძიმე პრობლემებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით, პრევენციული და შემდგომი ღონისძიებების არაეფექტიანობა, – ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაშია აღნიშნული.
საქართველოს სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს გურიაში სტიქიური მოვლენების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.
“უპირველესად, საქართველოს სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს გურიაში სტიქიურ მოვლენების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.
ამ დრომდე არაერთი ინფორმაცია ვრცელდება გურიის რეგიონში სოფლების გარე სამყაროსთან მოწყვეტის და მოქალაქეების, მათ შორის, ხანდაზმულებისა და ბავშვების, უმძიმეს ვითარებაში აღმოჩენის (ელექტროენერგიის შეწყვეტის, საკვების მარაგის ამოწურვის, საცხოვრებელი სახლების ნგრევის/ნგრევის რისკების), ასევე, დაშავებული მოქალაქის თაობაზე.
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება, კანონმდებლობიდან გამომდინარე ერთობლივი ძალისხმევით და სათანადო რესურსების გამოყენებით უნდა ატარებდეს შესაბამის კომპლექსურ ღონისძიებებს, მათ შორის, ბუნებრივი ფაქტორით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების დროს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, გარემოს, ქონების დაცვის მიზნით.
გურიასა და სხვა რეგიონებში დიდთოვლობით გამოწვეულმა მძიმე პრობლემებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით, პრევენციული და შემდგომი ღონისძიებების არაეფექტიანობა, რაც პირველ რიგში, საგანგებო სიტუაციების მართვას, საფრთხეების იდენტიფიცირებას და მუნიციპალიტეტებში დამახასიათებელი რისკების გათვალისწინებით, შესაბამისი რისკების მართვის გეგმებს უკავშირდება. აღნიშნული პირდაპირ უკავშირდება ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისა და საკუთრების უფლებების დაცვის ინტერესებს და მათ დაცვაზე საქართველოს სახალხო დამცველი მანდატის ფარგლებში განაგრძობს ზედამხედველობას”, – აღნიშნულია განცხადებაში.