ამ მძიმე ეპიდვითარებაში, საპროტესტო აქციები ყოველდღიური სიკვდილიანობის ზრდას უწყობს ხელს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
“თუ აქამდე საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება იყო რთული, დღეს ის ურთულესად შეიძლება შეფასდეს. ამ ვითარებას ზეპარტიული და ზეპოლიტიკური მიდგომა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, პროცესი უმართავი გახდეს.
კლინიკები და მედპერსონალი თავისი შესაძლებლობის ზღვარზე იმყოფება. რეანიმაციული საწოლები პრაქტიკულად ყველა დაკავებულია. საზოგადოების სიფრთხილე კი კვლავ არ სჩანს.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ვაქცინები “არჩევაზეა”, ვაქცინაციის ტემპი მაინც საგანგაშოდ დაბალია. ვითარებას განსაკუთრებით ამძიმებს ქუჩის აქციები, რაც პირდაპირპროპორციულად ზრდის რისკებს და მოქალაქეების სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს.
თხოვნით მივმართავ ყველა პოლიტიკოსს და ყველა პარტიის ლიდერს, ამ ურთულეს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში უარი ვთქვათ ქუჩის აქციებზე ან მინიმუმ გარკვეული დროით გადავდოთ მაინც”, – აცხადებს ხუნდაძე.