spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დიმიტრი ხუნდაძე – დეკრიმინალიზაცია უნდა იყოს ზომიერების ფარგლებში და პოპულარიზაციის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს ასეთი საკითხების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის წევრების: ალექსანდრე რაქვიაშვილის, იაგო ხვიჩიას და ვახტანგ მეგრელიშვილის საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელა, რომელიც ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. მომხსენებელმა, პარლამენტის წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა, კანონპროექტების ძირითად პრინციპებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ადამიანებს  სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით თავისუფლების აღკვეთა არ უნდა შეეფარდოს კანაფის ჯგუფის ნივთიერებებისათვის. მისი თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის მიზანს კანაფის პროდუქტებთან დაკავშირებული დანაშაულებისათვის ციხეში მყოფი ადამიანების გათავისუფლება და, ზოგადად, აღნიშნული დანაშაულებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება წარმოადგენს.

 

კანონპროექტის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ სასჯელი უნდა გაუქმდეს მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღებისთვის.

 

კომიტეტის წევრის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკოს განცხადებით, ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია, მომხმარებელი არ არის კრიმინალი და მას სჭირდება მხარში დგომა და მკურნალობა, განსხვავებით გამსაღებლისგან, თუმცა წარმოდგენილი ინიციატივა თავისი შინაარსით, ფაქტობრივად ლეგალიზაციას წარმოადგენს. 

 

„ჩემი დამოკიდებულება ზოგადად ნარკოპოლიტიკისადმი დაფუძნებულია ორ საკითხზე – ეს არის მოხმარების შემცირება და მიწოდების შემცირება, რამაც საბოლოო ჯამში უნდა მოგვცეს ზიანის შემცირება. მე აქ მართალი გითხრათ ვერ დავინახე ეს მომენტი. წარმოდგენილი ინიციატივა ვერაა მოხმარების შემცირების და მიწოდების შემცირების გზა. მივცეთ მეტი წვდომა ახალგაზრდებს განათლებაზე, სპორტზე, სამსახურის დაწყებაზე, მაინც და მაინც კანაფის ჩანაცვლებით უნდა გადავაგდებინოთ ეს ბიო?“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძის  აზრით, წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივით ავტორები, ფაქტობრივად,  ნარკოტიკების პოპულარიზაციას უწყობენ ხელს.  „იმით, რაზეც აქ ვმსჯელობთ, გარკვეულწილად მარიხუანას პოპულარიზაციას ვეწევით. მე ეს არ მომწონს და სახიფათოდაც მიმაჩნია. ამიტომ, ვფიქრობ, დეკრიმინალიზაციაც უნდა იყოს ზომიერების ფარგლებში და  პოპულარიზაციის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს ასეთი საკითხების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება. ეს კანონპროექტი, მე მგონია, რომ პრაქტიკულად არის ლეგალიზების ტოლფასი, ამიტომ, მე როგორც ერთი დეპუტატი, ამას მხარს ვერ დავუჭერ, თუმცა მზად ვარ, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით წავიდეთ წინ, გარკვეული გადაწყვეტილებებიც მივიღოთ, კანონპროექტი სწორად დავამუშაოთ, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რაც საზოგადოებას ზიანს არ მოუტანს“, – განაცხადა  დიმიტრი ხუნდაძემ. კომიტეტმა საკანონმდებლო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები